ახალი ამბები

შსს ლამბალოში ქალის თვითმკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტაზე ინფორმაციას ცვლის

9 ოქტომბერი, 2014 • 1270
შსს ლამბალოში ქალის თვითმკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტაზე ინფორმაციას ცვლის

“საქმის შეწყვეტა მოხდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად. გამოიკითხნენ ადამიანები, თვითმხილველები, თუ ვინმე იყო და, შესაბამისად, გარეგნულმა დათვალიერებამაც აჩვენა, რომ არანაირი ძალადობის ნიშნები გვამს არ აღენიშნებოდა,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” დღეს დილით შსს–ში.

 

მოგვიანებით კი შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა) გრძელდება. კითხვაზე, თუ რა წყაროზე დაყრდნობით მოგვაწოდა დილით ინფორმაცია საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, “სხვა წყაროდან” ჰქონდა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული მასალის მიხედვით, შედეგსა (თვითმკვლელობა) და ცემას შორის პირდაპირი კავშირი იკვეთება:

 

“იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მედიით ვრცელდება, ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში ძალიან პირდაპირი კავშირი იკვეთება შედეგსა და ცემას შორის. საინტერესოა ის გარემოება, არიან თუ არა დაკითხული ის მოწმეები, ვინც, მაგალითად, ჩაწერა “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტმა,”– ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.

 

“რუსთავი 2–ის” ინფორმაციით, სოფელში ამბობენ, რომ ქალი უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ქმრის ღალატი დააბრალეს: 

 

“ბიჭებმა დაიჭირეს, ქმრის ნათესავებმა, და სცემეს ყველას დასანახად. ვეღარ გაუძლო სირცხვილს და თავი მოიკლა,”– თქვა ქალის დედამ, ასმათ ჯაირანოვამ “რუსთავი 2”–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ჯგუფური ცემის ფაქტზე საუბრობს თვითმხილველიც:

 

“ყვირილი და კივილი გავიგე და გამოვედი მაღაზიიდან. რამდენიმე ბიჭი სცემდა გოგოს, ხალხი იყო შეკრებილი და ამას უყურებდა ყველა. მერე შენობის უკან გაიყვანეს და იქაც სცემეს,” – ამბობს თვითმხილველი “რუსთავი 2”–თან საუბარში.

 

“თვითმკვლელობა რომც არ განეხორციელებინა იმ ადამიანს, მხოლოდ საჯაროდ, ჯგუფურად ცემის ფაქტი, ცხადია, არის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მით უმეტეს, როდესაც ამას თვითმკვლელობა მოყვება, ეს კიდევ მდგომარეობას უფრო ამძიმებს.


ადამიანებმა თუ გაიგეს, რომ თვითონ, თავიანთი შეხედულებით შეუძლიათ განსაზღვრონ, რა არის კარგი, რა არის ცუდი და როგორ გაუსწორდნენ, მათი აზრით, მოღალატეს და ასე შემდეგ, ასე ფიზიკური ანგარიშსწორება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს რომ არ მოხდეს, ამის ყველაზე კარგი პრევენცია არის ობიექტური და სათანადო რეაგირება თითოეულ ასეთ ფაქტზე,”– განაცხადა კახა კოჟორიძემ “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას.


შსს–ს ცნობით, ქალმა თავი 18 სექტემბერს, შუადღისას ჩამოიხრჩო. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარმოებს და არა ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზეც.


მასალების გადაბეჭდვის წესი