ალბანეთში, დედაქალაქ ტირანას საერთაშორისო აეროპორტში, შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ და ასაფრენი ბილიკიდან ფულით სავსე ჩანთები იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ფული თვითმფრინავში უნდა ჩატვირთულიყო.
როგორც ევრონიუსი იტყობინება, მილიონობით ევრო ავსტრიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავით ვენაში უნდა გაეგზავნათ. როგორც წესი, ალბანეთის ცენტრალური ბანკი დიდი ოდენობით ნაღდ ფულს არ ინახავს და თანხას მუდმივად გზავნის საზღვარგარეთ აეროპორტის გავლით.
გატაცებული თანხის ოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა საუბარია მილიონობით ევროზე. სამართალდამცავების ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების ერთი წევრი ორმხრივი სროლისას მოკლეს, დანარჩენებმა კი აეროპორტიდან გაქცევა მოახერხეს.
ევრონიუსის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა აეროპორტში თავი საგადასახადო ოფიცრებად გაასაღეს და ფურგონით შეაღწიეს ასაფრენ ბილიკზე, სადაც ავსტრიის ავიახაზების თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. თვითმფრინავში ფული სწორედ ამ დროს იტვირთებოდა. ძარცვის დროს მგზავრები არ დაშავებულან, ვენის მიმართულებით კი რეისი 3 საათის დაგვიანებით შესრულდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტირანას აეროპორტი ბოლო წლებში ამ მოტივით გაძარცვეს.