ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა PACE-ში [სრულად]

10 აპრილი, 2019 • 1614
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა PACE-ში [სრულად]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ პრემიერის გამოსვლის ტექსტს სრულად:

“მაქვს პატივი, მოგმართოთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სასახლეში. ჩვენ ახლა მოვისმინეთ მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები, ავთენტური ქართული პოლიფონიური სიმღერა, სადაც მრავალი ხმა ერთიანდება კომპლექსში; ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს; ავითარებს და აწინაურებს. ეს არის ქართული ეროვნული იდენტობის ძალიან ძლიერი მარკერი. როდესაც ჩემს ქართველობაზე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა ეს პოლიფონია მიცოცხლდება გონებაში და ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს აქ გვესმის ეს სიმღერა, რადგან ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და მასში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

გუშინ, 9 აპრილს, საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტისაბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში – რუსთაველის გამზირზე – სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ.

ზუსტად ამ მიზეზის გამო ჩემი დღევანდელი გამოსვლა თქვენს წინაშე ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩემი ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას.

იმ წლების შემდეგ ბევრი გამოწვევა შეგვხვდა და მათ მიუხედავად მაინც ბევრის მიღწევა მოვახერხეთ. თითქმის შეუძლებელი შევძელით!

ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება ეკუთვნის საქართველოსაც და ევროსაბჭოსაც. ამიტომ, ორივემ შეიძლება ვამაყობდეთ ამით.

ჩვენ ერთად შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, რომელიც თვალსაჩინო დემოკრატიად ჩამოყალიბდა ორ კონტინენტს შორის და აკავშირებს ევროპას აზიასთან. გამოწვევებით აღსავსე რეგიონში საქართველოს გააჩნია იმის ამბიცია, რომ მშვიდობიანი არსებობის წესები დაამკვიდროს და დემოკრატიის მოდელი შექმნას, რაც მდგრადი შენარჩუნების პრინციპებს დაეფუძნება.

ქალბატონებო და ბატონებო, ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების დღიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით.

20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებას მთელი რიგი ვალდებულებები მოჰყვა.

ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები.

საქართველომ წინსვლა იქონია ყველა ამ მიმართულებებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ეს შესაძლებლობა მინდა გამოვიყენო და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი რამ შევძელით ერთად.

ნება მიბოძეთ მთავარ და თქვენი ყურადღების ღირს მიღწევებზე ვისაუბრო.

ბევრი წლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ მოახერხა კონტროლისა და ბალანსის სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება და ამდენად, დემოკრატიული წინსვლა შეუქცევადი გახდა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის და ყველა სხვა შედეგის განხილვისას, რამაც განაპირობა ჩვენი დემოკრატიის შენება, ყველაზე კარგად საკითხის წარმოჩენა შემიძლია ყველაზე ავტორიტეტული მსაჯულის – ვენეციის კომისიის – მოსაზრების ციტირებით: „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია საპარლამენტო სისტემად ჩამოყალიბებისკენ და ეს დადებითი ნაბიჯია ქვეყნების საკონსტიტუციო წეს-წყობილების კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც დემოკრატიის პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეფუძნება“.

ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის უკეთეს შანსებს მისცემს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, მთავრობას მეტი კონსენსუსი დასჭირდება პოლიტიკის შემუშავებისას. ეს ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ამ კურსიდან არასოდეს გადავუხვევთ.

ვამაყობთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი. ეს არის უდიდესი მიღწევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ახალი თავი იწერება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ახალი პრეზიდენტის არჩევით ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ახლა საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია, სადაც მე – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – ანგარიშვალდებული ვარ პარლამენტისა და მისი წევრების – ხალხის რჩეულთა წინაშე.

შედეგად, ბოლოდროინდელი რეფორმების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი გახდა იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძლიერი პარლამენტი კი ნიშნავს ძლიერ საპარლამენტო ზედამხედველობას. ამიტომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულება. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის ინფორმირება ჩვენი მიმდინარე ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ. განზრახული გვაქვს, მეტად გავაძლიეროთ და განვავითაროთ ეს მიმართულება და მეტი ანგარიშვალდებულება ვიკისროთ.

სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში. მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, რაც ყველაზე კარგად აქ – სტრასბურგში – იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა.

აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია, ჯამში, გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს.

2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა. ადრე რეალურად 0 იყო. გავმეორდები – 0! ადმინისტრაციული სამართლის დარღვევებზე პატიმრობის მაჩვენებელმა 68 პროცენტით იკლო. არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულისთვის პატიმრობის მისჯის რაოდენობა 70 პროცენტით შემცირდა.

ამასთანავე, ბოლო წლებში სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი სასამართლოს მუშაობის პროცესში.

საქართველომ უმნიშვნელოვანესი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო. 90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ნაკლებია. „ღია ბიუჯეტის ინდექსით“ საქართველო მე-5 ადგილზეა – შვეიცარიისა და ნორვეგიის მერე. საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს არის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ გახსნილობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემა არ მუშაობდა ჯეროვნად და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა. განხორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ფაქტობრივად, 2018 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემა მართებულად იმსახურებს გაერთიანებული ერებისა და ევროკავშირის „ადამიანის უფლებების წარმატებული შემთხვევების“ კონტექსტში ხსენებას.

საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. მათი დარღვევა ადრე ხდებოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება.

მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას.

სასამართლო სისტემა უფრო მეტად რეაგირებს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე და დისკრიმინაციაზე; დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია.

აქ ხაზი მინდა გავუსვა 2017 წლის აპრილში საქართველოს მიერ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიკაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და დაგმობის შესახებ.

დაბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ძლიერი მექანიზმები შეიმუშავა ადამიანის უფლებების სფეროში. პირველად ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სტრატეგიული მიდგომა შეიმუშავა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. გაძლიერდა სახელმწიფო დამცველის სამსახური და ქმედითი ზედამხედველობის მექანიზმები დაინერგა საპარლამენტო დონეზე.

უდავოდ, ბევრს მივაღწიეთ, თუმცა განწყობილნი ვართ, კიდევ უფრო მეტი წინსვლა ვიქონიოთ.

თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანი არის მიზიდულობის ცენტრი, სადაც თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებთ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობისა, სადაც ყველა მოქალაქის ხმა ისმის და მთავრობა ხალხის მისწრაფებებს გრძნობს.

ხშირად ვამბობ, რომ ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს საქართველოში: ოკუპაცია და სიღარიბე. ეს გახდა ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი და საფუძველი ყველა იმ ინიციატივისა და რეფორმისა, რომელსაც ვახორციელებთ.

ერთ-ერთი რეფორმა, მათ შორის, ნამდვილად რევოლუციური და გარდამტეხია. ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს.

განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და მშპ წილობრივად 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს. ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს და რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში.

ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული.

ყველა ამ წინსვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე.

ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველდღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა – ამ ტერმინის ყველა განზომილებით.

ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო და შემცირდა.

შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია – უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე.

აქვე მსურს მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის. ყველანი უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულებელყოფას!

რუსეთის ფედერაცია ცდილობს ჩვენს მშვიდობიან ინიციატივებს საფუძველი გამოაცალოს ამ სახის დივერსიებით და ყველა ჩვენი ძალისხმევა დაბლოკოს. ეთნიკური დისკრიმინაციის გზით ისინი ცდილობენ სრულად წაშალონ ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამას არასოდეს დავუშვებთ!

ჩვენმა მთავრობამ ახლახან შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა, სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივით ვცდილობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ.

რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან.

კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

დღეს ამ სცენიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს – ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება – თქვენთან ერთად მოიაზრება – მშვიდობიან და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში.

მსურს ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისათვის და პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისთვის და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას, განსაკუთრებით რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართულებით, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სუვერენული და ევროპული ერი!

მომდევნო წლის გაზაფხულზე „თბილისის მშვიდობის ფორუმს ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში, ყველა ქვეყანას მივცეთ ჯერ აუთვისებელი შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობა.

რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევის ან საერთო ღირებულებების დაკნინების შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის, ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა.

საქართველო ბოლო 20 წელია სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მუშაობა გააგრძელოს ორივე მიმართულებით. ერთი მხრივ, მონიტორინგის ორგანოების საშუალებით გამოავლინოს წევრი სახელმწიფოების ხარვეზები და, მეორე მხრივ, გააგრძელოს ამავე წევრი სახელმწიფოების დახმარება ამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაში. ამ მხრივ სამოქმედო გეგმები უმნიშვნელოვანესია.

დაბოლოს, ქალბატონებო და ბატონებო, 20 წლის წინ – 1999 წლის 27 აპრილს- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს – 20 წლის შემდეგ – მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“

იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია, მივიღოთ ევროსაბჭოს ჩირაღდანი და მომდევნო თაობებს გადავაბაროთ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი