ახალი ამბები

მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

10 აპრილი, 2019 • 1779
მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოვა.

პრემიერის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც იგი საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

9-10 აპრილს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება. ვიზიტის დასასრულს პრემიერი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება, რომელზეც პოლიტიკოსის სახელს, გვარს და მის ცნობილ ფრაზას “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი” დაიტანენ.

2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.

ამავე თემაზე:

ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი