ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უსუფაშვილი: საქართველოს და სომხეთის მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთზე დამოკიდებული

6 ოქტომბერი, 2014 • • 1057
უსუფაშვილი: საქართველოს და სომხეთის მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთზე დამოკიდებული

როგორც უსუფაშვილმა თქვა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი თბილისში “გარკვეულწილად არის საპასუხო ვიზიტი ერთი წლის წინ საქართველოს პარალამენტის დელეგაციის ვიზიტისა სომხეთში.” 

 

“ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველო ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ევროპული არჩევანის გზას დაადგა, ხოლო სომხეთი თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე და თავისი სუვერენული უფლების რეალიზების პროცესში ევრაზიის კავშირში აპირებს გაწევრიანებას, ამით ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. პირიქით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიქნებით ერთმანეთის ინტერესების ყველაზე უფრო აქტიური დამცველი ამ გაერთანებებში,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

როგორც უსუფაშვილი ამბობს, შეხვედრის დროს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

“საჭიროა მეტი სატრანსპორტო საშუალებები, მეტი კომუნიკაციური კვანძები, მეტი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რათა ორივე ქვეყანაში კერძო სექტორმა მეტ წარმატებას მიაღწიოს. 

 

ჩვენ ვისაუბრეთ კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, და შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს ის პროცესი, რასაც საფუძველი ჩაეყარა პრემიერ-მინისტრების დონეზე ორი წლის წინ შეხვედრის დროს, როდესაც გადაწყდა, რომ ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომლის კუთვნილება თუ წარმომავლობა თუ ჯერ კიდევ გარკვეული არ არის და სადავოა, პირველ რიგში, უნდა გადარჩეს, შეკეთდეს და გაუკეთდეს რესტავრაცია და სადავო საკითხებმა მათი მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. 

 

რაც შეეხება იმ საკითხებს, როდესაც მხარეებს განსხვავებული პოზიციები გვაქვს, ჩვენ იმაზეც შევჯერდით, რომ ეს კარგია და არ არის ცუდი. ეს მიუთითებს ჩვენს მდიდარ ისტორიაზე და კულტურაზე, ხანგრძლივ ისტორიაზე, რომლის ყველა ფურცელი ერთნაირად არ არის გარკვეული და ცნობილი. ანუ ჩვენი ორივე ერის სიმდიდრეზე მიუთითებს და ამაში ცუდი არაფერია, მთავარია შევძლოთ ამ ყველაფრის დაცვა, გადარჩენა საკუთარი ხალხებისთვის და მსოფლიოსთვის,”- განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

სომხეთის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება, რომლის დროსაც, როგორც უსუფაშვილმა თქვა, მხარეები კონკრეტული სამოქმედო გეგმას შეაჯერებენ. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი