ახალი ამბები

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს

9 აპრილი, 2019 • 3525
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გათავისუფლებიდან მალევე კვლავ დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს რუსეთში იხდიდა, საპატიმროს დატოვებიდან მალევე დააკავეს.

როგორც TV Rain.ru წერს, ონიანის დაკავების მიზეზი ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა იყო. ესპანურ მხარეს ონიანზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.

ესპანელი სამართალდამცავები ონიანს, რომელსაც “რუსული მაფიის ბოსს” უწოდებენ, ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ტარიელ ონიანმა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმრო დღეს დატოვა. დაახლოებით 10-წლიან სასჯელს ონიანი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით იხდიდა.

გამოძიების ვერსიით, 2009 წელს ონიანმა თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა ქართული წარმოშობის მეწარმე ჯონი მინაძე, ფიზიკურად გაუსწორდა, მისი ნათესავებისგან კი 500 000 დოლარის გადახდას ითხოვდა. როგორც რუსული მედია წერს, მინაძეს თავისუფლება 3 დღის განმავლობაში ჰქონდა აღკვეთილი და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი მიიღეს.

ტარიელ ონიანს 10 წლით პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯეს, მოგვიანებით მსჯავრდებულს სასჯელი ორი თვით შეუმცირდა. ის სასჯელს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იხდიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი