ახალი ამბები

თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს შევიწროებაში ადანაშაულებს

9 აპრილი, 2019 • 2301
თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს შევიწროებაში ადანაშაულებს

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში 6 აპრილს დაიწყო, არ მონაწილეობს.

თათია ლორთქიფანიძე, მისი მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე და პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი ამბობენ, რომ მისი სანაკრებო განაცხადიდან ამოღების მიზეზი გაურკვეველია და ეფუძნება ლორთიქფანიძისა და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას უთანხმოებას.

ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ თათია ლორთქიფანიძის მოხსნის მიზეზი მისი დისციპლინური დარღვევებია. ამასთანავე, მწვრთნელები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებდა.

ლორთქიფანიძის ჩემპიონატიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა ჩემპიონატის გახსნის დღეს. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფედერაციის ეს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

“მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ქალს, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილებები. როდესაც ადამიანს აქვს ბრინჯაოს მედალი აღებული, როდესაც აქვს გავლილი დოპინგი, როცა ძალიან დიდი იმედები იყო მასზე ოლიმპიურ თამაშებში – ამის გამო, ამ დისციპლინარული მკაცრი სასჯელის გამო, ვერ მიიღებს დღეს ევროპულ თამაშებში მონაწილეობას, ხვალ კი- ოლიმპიურ თამაშებში. ამით ზიანდება ქვეყანა”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

რაში ადანაშაულებს ლორთქიფანიძე ფედერაციას და როგორ პასუხობენ მწვრთნელები ბრალდებებს

თათია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჯანჯღავა მას ავიწროებდა და აიძულებდა ორსულობის ტესტი ჩაებარებინა. შევიწროებასა და უსამართლო მოპყრობაზე საუბრობს თათია ლორთქიფანიძის მამა, დიმიტრი ლორთქიფანიძეც.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერს, რომ ჯანჯღავა არაკვალიფიციური მწვრთნელია, რის გამოც თათიამ არაერთი ტრავმა მიიღო.

“დავუბრუნდეთ ტრავმას, რომელიც თათიამ რუსთავში მიიღო,- მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ თათია და მისი პირადი მწვრთნელი გელა მახარაშვილი შეხვდნენ კახი კახიაშვილს [ფედერაციის პრეზიდენტს] და კატეგორიული უარი განაცხადეს არაკვალიფიციურ ე.წ. მთავარ მწვრთნელთან ვარჯიშის გაგრძელებაზე და შეათანხმეს მასთანვე საკითხი, რომ საწვრთნელ ვარჯიშს მარტის თვეში გაივლიდნენ თბილისის მძლეოსნობის მანეჟში.

აღსანიშნავია, რომ ბატონი კახიაშვილის მოთხოვნით ამ დროს თათიამ ჩააბარა საერთაშორისო დოპინგ ტესტი და დაფიქსირდა რომ სუფთაა. გადაწყდა, ვარჯიში გაგრძელდებოდა თემურ ჯანჯღავას გარეშე და ჩემპიონატამდე გარკვეული დღეებით ადრე თათია თავის მწვრთნელთან ერთად ჩავიდოდა ბათუმში”, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე ფეისბუკ გვერდზე.

მისი თქმით, ის რამდენჯერმე დაუკავშირდა როგორც სამინისტროს, ასევე ძალოსნობის ფედერაციას, სადაც მას დაუდასტურეს, რომ თათია ლორთქიფანიძე მიიღებდა მონაწილეობას ჩემპიონატში. თუმცა 4 აპრილს მას უეცრად შეატყობინეს, რომ თათია შეჯიბრში აღარ მონაწილეობს.

“საქმის კურსში ჩავაყენეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტიც და მანაც დაგვიდასტურა, რომ თათიას პრობლემები არ შეექმნებოდა. ის იყო ბილეთი ავიღეთ მატარებლის, რომ გელამ [პირადი მწვრთნელი] მიიღო კახი კახიაშვილის სმს შეტყობინება “გელა, მარტო ჩამოდი, თათიას გარეშე”.

4 აპრილს გელა ჩავიყვანე ჩემი მანქანით. ზუსტად 4 საათი ილაპარაკა კახიაშვილმა სხვადასხვა თემებზე და ღამის 12-ზე განაცხადა, თათიას ვერ დავუშვებთ 10 აპრილის შეჯიბრზე, რადგან დისციპლინის დარღვევაში ედება ბრალიო (!) ვერიფიკაცია დილით 9-ზე უნდა შემდგარიყო. ამის შემდეგ ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია სასტუმრო “კოლიზეუმში” და შევადგენინეთ რეაგირების ოქმი, ყველა ფაქტის მითითებით,” – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

საკითხთან დაკავშირებით თათია ლორთქიფანიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჯანჯღავას მხრიდან შევიწროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მწვრთნელი მას აბრალებდა, რომ ორსულად იყო და მის დამცირებას ცდილობდა შეურაცხმყოფელი შეთავაზებით.

“იყო შემთხვევა, როცა ოთახში შემოვიდა რუსთავში და (მანდ კაცისა და ქალის ურთიერთობაა) თქვა, რომ კაცი ხომ არ გინდაო. ასეთი რაღაც ძალიან მიუღებელი იყო ჩემთვის”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

ნეტგაზეთი თათია ლორთქიფანიძის განცხადების თაობაზე დაუკავშირდა ძალოსნობის ფედერაციას, სადაც გვითხრეს, რომ ფედერაციაში ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემპიონატსა და მედლებზე ფიქრობენ და მის დასრულებამდე სხვა საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

მანამდე, კერძოდ 6 აპრილს, ფედერაციაში განაცხადეს, რომ ლორთქიფანიძის საქმეში მწვრთნელსა და სპორტსმენს შორის კონფლიქტს მნიშვნელობა არ აქვს. ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე დისციპლინური დარღვევების გამო ვერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე.

“სისტემატური არდამორჩილება, ნაკრების უგულებელყოფა, შეკრებებზე არგამოცხადება, თვითნებური მომზადება და არაჯეროვანი მოქცევა, აქედან გამომდინარე ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში, ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის  ქალთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო”, – ამბობს “იმედთან” გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

თავად თემურ ჯანჯღავა კი ამბობს, რომ ლორთქიფანიძე მასთან ერთად არ ვარჯიშობდა და ჩემპიონატზე მისი იმედი ვერ ექნებოდა.

“გამოძახებული იყო ნაკრებში და არ გამოცხადდა. აბსოლუტურად იზოლირებული იყო, როგორ ვარჯიშობდა, რას ვარჯიშობდა, წარმოდგენაც კი არ მქონდა. მე უფროსი მწვრთნელი ვარ, ნაკრების მწვრთნელი ვარ და მაქვს უფლება, რომ დავაყენო ის ადამიანი გვერდში, რომელიც არის ჩემთან ერთად”, – ამბობს “იმედთან” თემურ ჯანჯღავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი