სოცმუშაკებმა პროფკავშირი – “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” შექმნეს

დღეს, 8 აპრილს, სოციალურმა მუშაკებმა, მათ შორის გაფიცვის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი – “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” შექმნეს. პროფკავშირის თავმდჯომარე ქეთევან ხუციშვილია, რომელიც სოცმუშაკების პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა, სოცმუშაკების შეფასებით, უშედეგოდ დასრულდა.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებდნენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ, 2 აპრილს სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მიუხედავად გაფიცვის შეწყვეტისა, სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში გაგრძელდება.

სოცმუშაკების ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

  • სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან
  • სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება
  • 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს
  • გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა
  • დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში
  • დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.

შეთანხმება ვერ შედგა შემდეგ საკითხებზე:

  • არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები
  • არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა
  • საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე, უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად

ვრცლად:

სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ამავე თემაზე:

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან