კონცერტი, სადაც “ტიტები” შესრულდება, პირველ არხზე ლაივის ნაცვლად ჩანაწერის სახით გავა

9 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტზე არაერთი მომღერალი იმღერებს, ასევე, იგეგმება კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – პრეზენტაციაც, რომელსაც მხოლოდ კაცები ასრულებენ.

თავდაპირველად კონცერტის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმებოდა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეტგაზეთს დღეს, 8 აპრილს უთხრეს, რომ კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია ტექნიკური პრობლემები გამო არ მოხდება. მათი თქმით, კონცერტის ორგანიზატორებმა ოფიციალური წერილით ტელეკომპანიას გვიან მიმართეს, მცირე დროში კი ყველა შესაბამისი ტექნიკური დეტალის გამართვა შეუძლებელია.

როგორც მაუწყებელში ამბობენ, კონცერტს, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილია, ხოლო იდეის ავტორი ჯემალ სეფიაშვილი, მაინც გადაიღებენ, დაამონტაჟებენ და მოგვიანებით აჩვენებენ მაყურებელს.

“დაახლოებით 1 თვის წინ იყო ამაზე საუბარი. კონცერტის რეჟისორი დაგვიკავშირდა და სიტყვიერად გვკითხა, დავინტერესდებოდით თუ არა 9 აპრილთან დაკავშირებული კონცერტით, რომელიც ტრაგედიის 30 წლისთავს ეძღვნებოდა. რა თქმა უნდა, ვუთხარით, რომ დაინტერესებულნი ვართ. ამის შემდეგ იყო ის ინციდენტი და ჩვენ გავავრცელეთ შესაბამისი განცხადებაც, თუმცა ორგანიზატორების მხრიდან ტექნიკური დეტალების გავლა ძალიან დაგვიანდა”, – უთხრა ნეტგაზეთს საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელმა რუსუდან მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, კონცერტის პირდაპირ ეთერში გაშვების შუამდგომლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კონცერტამდე მხოლოდ 5 დღით ადრე – 4 აპრილს – მიიღეს.

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბევრი პროგრამაა ჩაშვებული, მათ შორის, ძალოსნობის ჩემპიონატი აჭარაში და ეთერი ძალიან დაკავებულია. შესაბამისად, ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ პირდაპირი ეთერის ტექნიკურ უზრუნველყოფას. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს კოცნერტი ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება, არ დაიკარგოს და სადმე მაინც აღიბეჭდოს, ჩვენ ამ კონცერტს გადავიღებთ სრულყოფილად, შემდეგ დავამონტაჟებთ, გავასუფთავებთ, არქივშიც შეინახება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებელიც იხილავს მას. ზოგადად, ასეთი მასშტაბის კონცერტების შესახებ დიდი ხნით ადრე ვიცით ხოლმე, რათა ყველა დეტალი გათვალისწინებული იყოს,” – უთხრა ნეტფაზეთს რუსუდან მანჯგალაძემ.

ჯემალ სეფიაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” ახალ ვერსიაში მხოლოდ კაცები იმღერებენ, ვინაიდან, როგორც თავად განმარტა, “ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი. და სწორედ ამიტომ, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”.

კომპოზიტორის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის კრიტიკული რეაქცია, მათ შორის დაიგეგმა აქცია, სახელწოდებით “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!“ აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 9 აპრილს 21 მოკლულიდან 17 სწორედ ქალი იყო და სეფიაშვილის მიდგომა მათთვის იყო მიუღებელი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მალევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პასუხისმგებლობა მოიხსნა სეფიაშვილის გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ეთერში არათუ კლიპი, არამედ კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია გავა. ამ კონცერტის ერთ-ერთი ნომერი კი სწორედ სეფიაშვილის სიმღერაა.

რაც შეეხება კონცერტის სხვა მხარდამჭერებს, მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კონცერტში სხვა მრავალი შემსრულებელი, მათ შორის, ქალებიც მონაწილეობენ. სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს დაგვპირდა, რომელიც მიღებისთანავე ამ მასალას დაემატება.

კონცერტს მხარს უჭერს თბილისის მერიაც, თუმცა, მხოლოდ ტექნიკურად. მერიაში გვითხრეს, რომ ტექნიკური მხარდაჭერა ისეთ ტექნიკურ დეტალებს შეეხება, როგორიცაა გახმოვანება, განათება, სცენის ამაღლება და ეკრანის დამონტაჟება.

1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაიწყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მშვიდობიანი აქცია 9 აპრილს დაარბიეს რუსეთიდან გადმოსროლილმა სპეცდანიშნულების რაზმებმა, რა დროსაც 21 ადამიანი მოკლეს, ათეულობით კი მძიმედ დაშავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან