ახალი ამბები

საზმაუ სეფიაშვილის კლიპის შინაარსზე პასუხისმგებლობას იხსნის

29 მარტი, 2019 • 1781
საზმაუ სეფიაშვილის კლიპის შინაარსზე პასუხისმგებლობას იხსნის

საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებლობას იხსნის ჯემალ სეფიაშვილის განცხადებაზე, რომელიც “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” ახალ კლიპს ეხებოდა და სადაც თქვა, რომ “ქვეყნის სიძლიერე მამაკაცია”.

ახალ კლიპში ქალები არ მღერიან. სეფიაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ “ქვეყნის დამცველი კაცია”. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის განცხადებაში ამბობს, რომ კლიპის პრემიერა არხზე არ შედგება, არამედ მოხდება 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონცერტის ტრანსლაცია, რომლის შინაარსზეც ისინი პასუხისმგებელნი არ არიან.

საქართველოს პირველი არხი ეხმიანება კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ახალი ვერსიის პრემიერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

21 მარტს პირველი არხის ეთერში ჯემალ სეფიაშვილმა სიმღერის ახალი ვერსიის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცი მომღერლები ასრულებენ, განაცხადა: „ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“.

ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე არ იგეგმება აღნიშნული სიმღერის ან კლიპის პრემიერა, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება-კონცერტის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ტრანსლაცია, რომლის პროგრამასა და შინაარსობრივ ნაწილზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორი.

მოგეხსენებათ, რომ 9 აპრილი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში, სწორედ ამიტომ, საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს და გააშუქებს ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას”, – აცხადებენ მაუწყებელში.

ამავე თემაზე

“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” -სიმღერის ახალი ვერსია მხოლოდ კაცების მონაწილეობით და პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი