ახალი ამბები

“გირჩი” აუდიტის სამსახურისგან საპატრიარქოს შემოწმებას ითხოვს

8 აპრილი, 2019 • 1502
“გირჩი” აუდიტის სამსახურისგან საპატრიარქოს შემოწმებას ითხოვს

“გირჩი” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთავაზობს, საპატრიარქოს აუდიტი ჩაატაროს. ეს არის პირობა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ პარტია უწყებასთან ითანამშრომლებს.

“გირჩის” თანახმად, თუბსაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტი ჩაუტარდება და უწყება ამ საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს, “გირჩი” აუდიტს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს.

“გირჩის” ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიისგან ითხოვს:

  • საარჩევნოდ უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი;
  • 3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურს უნდა გაუგზავნონ ფინანსური ანგარიშები;
  • საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარადგინონ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;
  • ტელე, რადიო, საგაზეთო, გარე თუ ინტერნეტ-რეკლამა წინასწარი ანგარიშსწორებით უნდა შეისყიდონ და ამის შესახებ ასევე წინასწარ უნდა აცნობონ აუდიტის სამსახურს და სხვა.

“მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, მხოლოდ ფინანსური რესურსის სახით სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მისცა დაახლოებით მეოთხედი მილიარდი ლარი. აქ არ შედის ათასგვარი უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომელიც ასევე გადაეცა ამ ინსტიტუტს სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც აურაცხელი სარგებელი, რომელსაც საპატრიარქო ნახულობს სახელმწიფოსთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწოფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი (ძირითადი!) მიზანია: ,,ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას”, აქამდე ვერც ერთმა გენერალურმა აუდიტორმა ვერ გაბედა კანონის ამ მოთხოვნის აღსრულება საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებით. შესაბამისად, არავინ იცის, რაში, რამდენად კანონიერად, რა მიზნით და რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ღატაკი მოსახლეობისთვის პოლიციის ძალით წართმეული, ზემოთ ხსენებული მეოთხედი მილიარდი ლარი.

ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს – თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ, რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს და გადმოგიგზავნით “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს,” – წერია გირჩის მიერ გავრცელებულ ღია წერილში.

სახელმწიფო აუდტის სამსახურის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას.

წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის (მე-17 მუხლის ზ ქვეპუნქტი) მოქმედება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ სსიპ-ს  საქართველოს საპატრიარქო და ეროვნული მარეგულირებლები წარმოადგენენ.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ “გირჩი” აუდიტის სამსახურს ფინანსურ დოკუმენტაციას არ უგზავნის. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად კი, აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი