ყველაზე მაგარი ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები – ბახტაძის დაპირებები ზუგდიდელებს წინასაარჩევნოდ

ზუგდიდის მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გიორგი შენგელია წარადგინა. მის გარდა, დადიანების სასახლის მიმდებარედ შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა მიმართეს.

მამუკა ბახტაძე ზუგდიდელებს განათლების კუთხით არაერთი პროექტის განხორციელებას, მათ შორის, “ყველაზე მაგარ ბაღებს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს”, ასევე, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის აშენებას შეჰპირდა.

“როგორც შარშან შეგპირდით, წელს ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მილიონი ლარი. ამასთან ერთად, ზუგდიდში შენდება ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე, აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, ის ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს სამშობლოს. ეს ეროვნული იდეა არის განათლება. განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში.

მე გპირდებით, რომ სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც უკავშირდება განათლებას”, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია მოქალაქეებს თვითმმართველობის საკითხებში მათ “მაქსიმალურ ჩართულობასა” და ადგილობრივებზე მორგებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჰპირდება.

“ჩვენი კონკრეტული გეგმის მიხედვით, ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად უკეთეს რეალობაში იცხოვრებს. თქვენ კარგად იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, დევნილზე, სოციალურად დაუცველზე, თითოეულ ზუგდიდელზე ზრუნვა, რასაც დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ძალიან კარგად გავართმევ თავს”, – მიმართა შენგელიამ შეკრებილებს.

ზუგდიდში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. “ქართული ოცნების” კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობიდან” სანდრა რულოვსი იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან