ნეტგაზეთი | სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლის ეპოპეა დასასრულს მიუახლოვდა სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლის ეპოპეა დასასრულს მიუახლოვდა – Netgazeti
RU | GE  

სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლის ეპოპეა დასასრულს მიუახლოვდა

2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევრაზიის საბაჟო ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე თანხმობის პროექტს. დაახლოებით სამი დღე დაჭირდება დოკუმენტის ტექსტის ზუსტ თარგმანს, რის შემდეგაც, უკვე 10 დეკემბრისთვის დოკუმენტს ხელი მოეწერება მინსკში, ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე.

ტარიფები და სხვა საბაჟო გადასახადები კავშირის წევრ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად განაწილდება: სომხეთს ერგება ხარჯების 1.13%, ბელორუსს – 4.65%, ყაზახეთს – 7.25%, რუსეთს – 86.97%. სომხეთისთვის, ასევე, გადაწყდა ევრაზიულ კავშირთან დიდი ხნის მანძილზე განხილვის რეჟიმში მყოფი საკითხი – ევრაზიული საბაჟო კავშირის საცალო ტარიფის გადავადება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საქონელზე, რომლის იმპორტი მესამე ქვეყნიდან ხორციელდება. მათზე შენარჩუნდება სომხეთში დღეს მოქმედი ტარიფები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ კი საბაჟო ტარიფები თანდათან გაიზრდება შვიდი წლის განმავლობაში, საშუალოთ 2-3%-იანი პუნქტით, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში  – 15%-მდე. უკვე 2022 წლისთვის სომხეთი სრულად უნდა გადავიდეს ევრაზიული კავშირის საცალო ტარიფებზე.

 

საბაჟო ტარიფიდან გათავისუფლდა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, რძის ფხვნილი, სიმინდი, ბრინჯი, ზეთი, ბენზინი და ზოგიერთი ნავთობპროდუქტი. ამას გარდა, იგივე ფასები შენარჩუნდება მედიკამენტებზე, მსუბუქ ავტომობილებზე, მიკროავტობუსებზე, სატვირთო მანქანებზე.

სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა უნდა გაიმართოს 10 ოქტომბერს მინსკში. იმავე დღეს ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე იგეგმება ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგის გამართვა.

 

სომხეთმა 2013 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ აპირებს საბაჟო კავშირში გაწევრიანებას და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას. სამოქმედო გეგმას კი სომხეთმა 2013 წლის 24 დეკემბერს მოაწერა ხელი.

 

 

 

ევრაზიის საბაჟო კავშირში რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსიაა გაწევრიანებული. კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს.  საბაჟო კავშირის მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისაგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.

 

 

 

სომხეთი არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეც, თუმცა ევრაზიული არჩევანის გამო მან შესაძლოა ვეღარ გააფორმოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება.

 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის