არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, მიიჩნევენ, რომ რეფორმები უნდა შეეხოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, ამომრჩეველთა სიებს და სხვა საკითხებს.
“ახალი ცვლილებებით, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობა, მიღებული ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ე.წ. დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, უმცირესობათა პროპორციული წარმომადგენლობა,”– ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ 2013 და 2014 წლებში საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული ცვლილებები დადებითად შეიძლება შეფასდეს, საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილება, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ახალი ხელისუფლების დანაპირების საფუძველზე ჰქონა, ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ და სხვა საკითხებზე არაერთი რეკომენდაცია წარუდგინეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ორჯერ შეიქმნა.
“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხზე ინტერფრაქციულ ჯგუფში განხილვები გაიმართა, არსებითი ცვლილებების განხორციელება არ მომხდარა. ამის მიზეზად უმთავრესად დასახელებული იყო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და ძირეული ცვლილებების განხორციელების სირთულე,”– ნათქვამია NGO-ების ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები, წარსული პრაქტიკის გამეორების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებას დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვენ.
“საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი პოლიტიკური ნდობით, რაც ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ დოკუმენტად აქცევს,“ – ნათქვამია განცხადებაში








