ნეტგაზეთი | ვაცლავ ჰაველის სახელობის PACE-ს ჯილდო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა მიიღო ვაცლავ ჰაველის სახელობის PACE-ს ჯილდო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა მიიღო – Netgazeti
RU | GE  

ვაცლავ ჰაველის სახელობის PACE-ს ჯილდო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დწესებული ვაცლავ ჰაველის სახელობის ჯილდო ადამიანის უფლებების დაცვისთვის აზერბაიჯანელმა აქტივისტმა ანარ მამადლიმ მიიღო. 

გამომდინარე იქიდან, რომ მამადლი ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნაზე პრიზი და 60 000 ევრო მის მამას გადაეცა.


ანარ მამადლი/რადიო თავისუფლების ფოტო
ანარ მამადლი/რადიო თავისუფლების ფოტო

 

ანარ მამადლი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, რომელიც ასამბლეას, ასევე, ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, თავის მნიშვნელოვან შრომებს უზიარებდა იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც მის ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა PACE-ს პრეზიდენტმა ბრასემ.

 

ანარ მამადლის – საზოგადოებრივი კავშირის „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის ტრენინგების ცენტრის“ (EMDT) ხელმძღვანელს – საერთაშორისო ორგანიზაციები კარგად იცნობენ, როგორც უფლებადამცველსა და ექსპერტს არჩევნებისა და პოლიტიკური თავისუფლების საკითხებში. მისმა ორგანიზაციამ, “მოხალისეთა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებრივ კავშირთან” (VICPU) ერთად, 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება 2013 წლის 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე.

 

აღნიშნული წინასწარი ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არ იყო სათანადო წინასაარჩევნო გარემო, რომელიც უზრუნველყოფდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, აღნიშნული იყო, რომ ხმის მიცემის პროცესს თან ახლდა სერიოზული სამართლებრივი დარღვევები. EMDT-ის აღნიშნული ანგარიში გამოიყენა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) თავისი სადამკვირვებლო მისიის კრიტიკულ ანგარიშში აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნების შესახებ.  

 

ანგარიშის გაცნობისთანავე, 31 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩხრეკა ჩაატარა EMDT-ის ოფისში, რის შედეგადაც ამოიღო ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია და  EMDT-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის კუთვნილი ორი კომპიუტერი. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა საგამოძიებო დეპარტამენტმა EMDT-ში არსებული სამართლებრივი დარღვევების საფუძველზე დაიწყო გამოძიება.  

 

ოქტომბრის ბოლოდან მამადლის სისტემატიურად იბარებდნენ საგამოძიებო დეპარტამენტში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე. 16 დეკემბერს კი, ერთ-ერთი ასეთი მორიგი დაკითხვის დროს იგი დააკავეს შემდეგი ბრალდებით: “არალეგალური ბიზნესის წარმოება დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, სახელმწიფო გადასახადებისათვის   თავის არიდება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”.   

 

გასული წლის 16 დეკემბერს ნაზიმის რაიონულმა სასამართლომ მამადლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებიდან მალევე “Amnesty International”-მა მამადლი სინდისის  პატიმრად სცნო. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის PACE-ს (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თანამომხსენებლებმა, აზერბაიჯანის შესახებ გამოხატეს შეშფოთება მამადლის დაპატიმრების გამო და ხაზი გაუსვეს მისი გათავისუფლების აუცილებლობას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი