მშენებარე კორპუსი, სადაც დევნილები შიმშილობენ, ლითონის ღობით შემოსაზღვრეს [ფოტო]

მეოთხე დღეა, რაც “დირსის” კორპუსში დევნილები გამაგრდნენ. მშენებლებმა სწორედ ამ კორპუსს ლითონის ღობე შემოავლეს, რომელიც მანამდე იქ არ იყო.

როგორც დევნილები ამბობენ, კორპუსში რამდენიმე ადამიანი უკვე მესამე დღეა, რაც შიმშილობს. მათივე თქმით, ამჟამად კორპუსში 120 ოჯახია განთავსებული.

დევნილები “დირსის” კორპუსში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კორპუსის ღობით შემოსაზღვრიდან მალევე ღობის ერთ-ერთ მხარეს ნაპრალი გაჩნდა, რომლის მეშვეობითაც, დევნილების ინფორმაციით, ისინი კორპუსში მყოფ პირებს საჭირო ნივთებს აწვდიან. თუმცა ჟურნალისტების მისვლის შემდეგ, ღობე შეაკეთეს.

“დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები არიან გამაგრებულნი, ღობით შემოსაზღვრეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“დირსის” კორპუსი, სადაც დევნილები არიან გამაგრებულნი, ღობით შემოფარგლეს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

დევნილების მოთხოვნები უცვლელია. მათი თქმით, ისინი კორპუსს იქამდე არ დატოვებენ, სანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ ბინებს არ გადასცემს. მათი ინფორმაციით, “დირსის” კომპლექსის მე-15 კორპუსის ბინები სამინისტრომ სწორედ დევნილებისთვის შეისყიდა.

ისინი ასევე ითხოვენ, რომ კორპუსში მათი ადვოკატი და ჟურანლისტები შეუშვან, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მათ ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებიათ.

ნეტგაზეთმა ჰკითხა “დირსს”, თუ რატომ შემოსაზღვრა კორპუსი ღობით. კომპანია დაგვპირდა, რომ პასუხს მალე მოგვაწვდიდა.


დევნილები “დირსის” ერთ-ერთ კორპუსში 4 დღის წინ, 31 მარტს გამაგრდნენ. მათი განცხადებით,  გადაწყვეტილება მე-15 კორპუსის სამივე სადარბაზოს დაკავების შესახებ იმიტომ მიიღეს, რომ სახელმწიფოს შეახსენონ მათი გაჭირვების შესახებ.

ნეტგაზეთთან ისინი ჰყვებიან, რომ უმეტესობას სახლ-კარი არ აქვს, სახელმწიფო კი მათ უკვე 26 წელია, რაც ბინას ჰპირდება, ეს კონკრეტული კორპუსი კი, მათი ინფორმაციით, სამინისტრომ სწორედ დევნილებისთვის გადასაცემად შეისყიდა. დევნილები ამბობენ, რომ შენობას არ დატოვებენ მანამ, სანამ მთავრობა საცხოვრებელ ფართს არ მისცემს.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ბინები, მათ შორის “დირსის” კომპლექსში, მართლაც დევნილებისთვისაა შესყიდული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ პირებზე გაიცემა საცხოვრებელი ფართები.

სამინისტრო ამბობს, რომ 10 აპრილიდან გრძელვადიანი განსახლების პროგრამაში მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყება და პირველ მაისამდე გაგრძელდება. განაცხადები მიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში – თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში- იწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები  სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არის 39 782 ოჯახი, ხოლო 50 188 ოჯახი განსახლების მოლოდინშია.

ვრცლად ამ თემაზე:

“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან