ახალი ამბები

აბაშიშვილი: მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

30 სექტემბერი, 2014 • • 1251
აბაშიშვილი: მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

როგორც აბაშიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

“აბსოლუტურად არ მესმის, რატომ მოხდა ამ თემის აჟიტირება და ტექნიკურ დეტალებზე საუბარი მაშინ, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის შინაარსობრივი თვალსაზრისით შეფასება. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ მოწვევას იღებს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, რომელ ფორუმში, რომელ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი წყდება ღონისძიების რანგიდან, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან და ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ეს შეთავაზება გაკეთდა გუშინ, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ტიპის სპეციალური მსჯელობა არ ყოფილა”, – განაცხადა აბაშიშვილმა


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში ყოველწლიურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2015 წლის დასაწყისში გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა საუბრები შედგა თურქეთში, სადაც, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა, გიორგი მარგველაშვილმა მიიღო მიწვევა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის შესახებ. ფანჯიკიძემ დღეს თბილისში მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო მიწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია ამზადებს ამ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება დავოსში.


შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ბიზნესმენები, ხელისუფლების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი