ანაზღაურება და უსაფრთხოება – რას მიიჩნევს მოსახლეობა შრომის უფლების დარღვევად

საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამუშაო ადგილზე შრომის უფლების ყველაზე ხშირი დარღვევა არის არასათანადო ანაზაღაურება (მოსახლეობის 71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 64%) და სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (მოსახლეობის 57%). 

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მონაცემები დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 17.8% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ხდება სექსუალური შევიწროება; თბილისში ასე ფიქრობს მოსახლეობის 26.9%, ხოლო რეგიონებში – 14%. ამ მოსაზრებას ეთანხმება ქალების 21.2%, ხოლო კაცების -13.7%. 

წყარო: CRRC

კითხვაზე – შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელია თუ არა, რომ სასამართლო დაგეხმარებათ – მოსახლეობის 41.2% პასუხობს, რომ უფრო არ არის მოსალოდნელი; დადებითი მოლოდინი აქვს 38.5%-ს (არ ვიცი/უარი პასუხზე: 20,3%). 

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 3.4% არის გაერთიანებული პროფესიულ კავშირში. პროფკავშირის წევრობის მაჩვენებელი თითქმის იდენტურია როგორც თბილისისა და რეგიონების, ისე ქალებისა და კაცების შემთხვევაში. 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან პროფკავშირის წევრები (0.4%), ვიდრე 35-54 წლის ადამიანები (5.8%). 

კითხვაზე – ისურვებდით თუ არა, გახდეთ პროფკავშირის წევრი – საქართველოს მოსახლეობის 6.8% დადებითად პასუხობს. უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები უფრო ხშირად გამოთქვამენ ასეთ მზადყოფნას (10.4%), ვიდრე საშუალო ან უფრო დაბალი საფეხურის განათლების მქონე ადამიანები (4.9%).

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი  შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.