ახალი ამბები

კობახიძის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს

29 სექტემბერი, 2014 • • 1026
კობახიძის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს

“მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ საკითხებში მთავარი ფუნქცია, უფრო სწორად, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ასეთი ტიპის ფორუმებზე უმჯობესია პრემიერი იყოს წარმოდგენილი, თუმცა მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი ან- გნებავთ, პრეზიდენტი. მთავარია, ქვეყანა სათანადოდ იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.


მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში ყოველწლიურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2015 წლის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგველაშვილის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.


 “საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე ბატონმა შვაბმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ბატონმა შვაბმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თხოვნა, რომ პრეზიდენტი დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უმაღლეს დონეზე უნდა წარმოჩინდეს საქართველოს სიანვესტიციო შესაძლებლობების უპირატესობა”, – განაცხადა აბაშიშვილმა.


შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის ბიზნესმენები, ხელისუფლების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს – ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი