ახალი ამბები

რა სახის სანქციები დააკისრეს ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს

1 აპრილი, 2019 • 1717
რა სახის სანქციები დააკისრეს ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს

კომპანიებს, რომლებიც ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე მშენებლობის პროცესში არიან ჩართულნი, სხვადასხვა სახის სანქციები დაეკისრათ. სწორედ აქ დაიღუპა ორი მუშა გუშინ, 31 მარტს, მიწის ჩამოშლის შედეგად.

შემთხვევის ადგილზე მშენებლობაში 3 კომპანიაა ჩართული: “ლეჩკომბინატი”, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს მშენებლობა; სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია “ხიმიჯ სერვისი 2”.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კომპანია “ლეჩკომბინატს” ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერეს. “ტრანსმშენს”, რომლის წარმომადგენლებმაც, ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციის თანამშრომლებს მშენებლობის ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ შესვლა შეუზღუდეს, 7 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ქვეკონტრაქტორ კომპანია “ხიმიჯს” კი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდა, 1 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

ბექა ფერაძის თქმით, ეს სანქციები პირველადია და ვითარების შესწავლა კვლავ გრძელდება. კითხვაზე, იკვეთება თუ არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნაწილში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი პასუხობს, რომ აღნიშნულის გამორკვევა გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა ბექა ფერაძე ასევე განმარტავს:

“შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინაციის ვალდებულება სამივე კომპანიას აქვს”.

დემონსტრაცია ეხმიანება თბილისში, ვაკეში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვას — 31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მშენებარე კლინიკასთან მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 25 წლის დათო აბესაძის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში იპოვეს, მეორე — ედუარდ ვარიშოვი — თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს.

კომპანია “ტრანსმშენმა”, რომელიც ვაკეში აშენებს კლინიკას, რომლის მშენებლობაზეც დაიღუპნენ მუშები, აცხადებს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა; კომპანიის განცხადებითვე, გარდაცვლილი მუშები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში შემთხვევიდან მეორე დღეს, პირველ აპრილს განაცხადეს, რომ პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე “შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი