2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა

2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და  23 არასრულწლოვანი მამა. ომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, 18 წლამდე პირთა ქორწინება არ რეგისტრირდება, ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები მაინც პრობლემად რჩება.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების თავიდან ასარიდებლად უმნიშვნელოვანესია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება განათლების სისტემაში გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირების მეშვეობით.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა. რასაც სოცსააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც ადასტურებს.

“2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა. კვლავ პრობლემურია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს,” – ამბობს სახალხო დამცველის აპარატი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ პრობლემურად რჩება სსსკ-ის 140-ე მუხლის პრაქტიკაშიც აღსრულება. ეს მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ სრულწლოვნებისთვის, ვინც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კონტაქტს ამყარებს, რაც წყვილებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისას პრობლემას ქმნის.

“ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში კვლავ გადაუჭრელია გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები. საქმეთა შესწავლის შედეგად ჩანს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება.

კონკრეტული საქმეების შესწავლისას ხშირია უკმაყოფილება პოლიციის მიმართ, რომ ჭიანურდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმ ვარაუდით, რომ ოჯახები მორიგდებიან და საქმეზე მუშაობა მოკლე დროში დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, ზოგიერთი გოგო სკოლას სწორედ მოტაცების შიშის გამო ტოვებს. ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150 პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

სრული ანგარიში ნახეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან