პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, რომელიც სახელმწიფოს, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარება, აცხადებს, რომ ინფორმაცია, “თითქოს არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად“, სიმართლეს არ შეესაბამება.

30 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტომ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პირობაა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის თანმდევი შედეგების ანალიზი. დოკუმენტი 15 მარტით თარიღდება.

“დამატებითი მისია მოიცავს კლიენტისათვის ყოვლისმომცველი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და მიწოდებას, რომელშიც გაანალიზებული იქნება სამართლებრივი შედეგები საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ იურიდიულ კომპანია White & Case LLP-სთან დადებულ კონტრაქტში.

სააგენტო 31 მარტით დათარიღებულ განმარტებაში განმარტავს, რომ “ხელშეკრულების საგანია სამართლებრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში, რაც გულისხმობს: საინვესტიციო ხელშეკრულებაში ბანკებისა და ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას, ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებას, კონსორციუმთან და ბანკებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და დახმარებას მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე, რეკომენდაციების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით”.

თუმცა სააგენტო არ უარყოფს, რომ კონტრაქტში დამატებით მისიად კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის იურიდიული შედეგების განსაზღვრაცაა გაწერილი:

“ხელშეკრულების ძირითად საგანთან ერთად გათვალისწინებულია დამატებითი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც, რომელიც ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის იურიდიული შედეგების განსაზღვრას”, – წერს სააგენტო.

სააგენტოს ამას შემდეგნაირად განმარტავს: “ნებისმიერ საქმიან ურთიერთბაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისათვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები და შედეგები, რომლებიც შეიძლება დაუდგეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში (1 ივლისისათვის) კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობის დაწყებას და რის გამოც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი. ასეთი ოფციის გათვალისწინება ხელშეკრულებაში ბუნებრივია მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არ მალავს, რომ აპირებს სამართლებრივ დავას საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

“ის, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებზე მოლაპარაკების პროცესში სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად გაფორმდა ხელშეკრულება ცნობილ და გამოცდილ იურიდიულ კომპანიასთან, ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფო აგრძელებს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. კვალიფიციური საერთაშორისო კომპანია კი სჭირდება მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმართვისთვის”, — აცხადებს სააგენტო.

“საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას, აგრძელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებებს და ელოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც გაიმართება აპრილში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.


  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International” -ს.
  • პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com