ახალი ამბები

წააგებს თუ არა ერდოღანის პარტია დიდ ქალაქებში? – ადგილობრივი არჩევნები თურქეთში

30 მარტი, 2019 •
წააგებს თუ არა ერდოღანის პარტია დიდ ქალაქებში? – ადგილობრივი არჩევნები თურქეთში

31 მარტს, თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. მოსახლეობამ ქვეყნის 81 პროვინციაში მერები და სხვა ოფიციალური პირები უნდა აირჩიოს. გასულ წელს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ესაა პირველი ტესტი მის მიმართ ნდობის მაჩვენებლის გასაზომად. აღნიშნული გამოცდის ჩაბარება კი მმართველ პარტიას ოპოზიციის გაერთიანების, ეკონომიკური რეცესიის, ფასების ზრდისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მოუწევს.

31 მარტის არჩევნებზე ერთმანეთს ორი ალიანსი დაუპირისპირდება: ერთ-ერთი მათგანი მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიითა” და “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიით” კომპლექტდება. მეორე ალიანსში თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალა, “რესპუბლიკური პარტია” და მემარჯვენე “კარგი პარტია” ერთიანდებიან.

წლევანდელ არჩევნებზე ოპოზიციის ერთობას კიდევ ერთი ფაქტორი განსაზღვრავს: პროქურთულ “ხალხთა დემოკრატიულ პარტიას”, რომელიც მესამე ძალას წარმოადგენს თურქეთის პარლამენტში, სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და სხვა რამდენიმე დიდ ქალაქში თავისი კანდიდატურები არ წამოუყენებია. ნაცვლად ამისა, ისინი ერდოღანის მოწინააღმდეგე უფრო მსხვილი ოპოზიციის კანდიდატებს უთმობენ ასპარეზს.

ესაა პირველი ადგილობრივი არჩევნები, რომელიც თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლისა და ერდოღანის ხელში უპრეცენდენტოდ დიდი ძალაუფლების თავმოყრის პირობებში ტარდება.

თუმცა, გასაჭირში მყოფმა თურქეთის ეკონომიკამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შესაძლოა, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას: პირველად, 2009 წლის შემდეგ, თურქეთში ეკონომიკური რეცესია ფიქსირდება. გასულ კვირას, თურქული ლირა დოლართან მიმართებით 5.6%-ით გაუფასურდა, გასულ წელს კი – 36%-ით. ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, უმუშევრობისა კი – 11%-ს, რომლის პირობებშიც, euronews-ის თანახმად, თურქეთში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას შორის 1 უმუშევარია.

“ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის – მათ შორის, მმართველი პარტიისა და მისი პარტნიორების მხარდამჭერებისთვის – ეკონომიკა ნომერ პირველი პრობლემაა თურქეთში” – უთხრა ანალიტიკოსმა მურათ იეთქინმა Reuters-ს.

კრიზისის ფონზე, არჩევნებამდე თურქეთის ხელისუფლება ბაზარზე ზემოქმედებასა და ამომრჩეველთა შორის პრობლემის მასშტაბების შემსუბუქებას სხვადასხვა ფორმით ცდილობდა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი მცდელობით, სახელმწიფოს თაოსნობით ქუჩებში დახლები განლაგდა, სადაც ხილსა და ბოსტნეულს მარკეტებზე დაბალ ფასად ყიდიან. მანამდე, თურქეთმა მინიმალური ხელფასიც გაზარდა.

მეორე მხრივ, პოპულისტურ გზავნილებს, რაც ერდოღანის რიტორიკას არც მანამდე აკლდა, პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ კვლავ აქტიურად იყენებდა:

“ესაა გადარჩენის საკითხი მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, გაყოს ეს ქვეყანა და ნაწილებად დაშალოს იგი”, – ასე დაუხატა 31 მარტის არჩევნები ერდოღანმა სტამბოლში შეკრებილ მხარდჭერებს.

მმართველი პარტიის რიტორიკის ნაწილად კვლავ რჩება ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მათი დადანაშაულებით ტერორიზმისა და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულა გიულენის მხარდაჭერაში, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

გამოკითხვების თანახმად, სამთავრობო ალიანსს განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა თურქეთის დიდ ქალაქებში ელის. ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, შესაძლოა, ერდოღანის პარტიამ თურქეთის დედაქალაქი ანკარა დაკარგოს, სადაც მას “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი, მანსურ იავაში, რამდენიმე პროცენტით უსწრებს. ოპოზიციის კანდიდატი ასევე ახლოსაა გამარჯვებასთან სტამბოლსა და თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში. აღნიშნული პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, არაერთ დიდ ქალაქში ერდოღანის პარტიის მმართველობის ერა დასრულდება, რომელიც თითქმის 1/4 საუკუნეს ითვლის.

ადგილობრივი არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალაუფლება არ შესუსტდება. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, დიდი ძალაუფლების ფლობის პირობებში, ერდოღანისათვის ეს არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების ფონზე, მისდამი ნდობის მაჩვენებელს გამოცდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი