ახალი ამბები

გარდაცვლილის ოჯახი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკას პაციენტის ცემაში ადანაშაულებს

29 მარტი, 2019 • 933
გარდაცვლილის ოჯახი ხონის ფსიქიატრიულ კლინიკას პაციენტის ცემაში ადანაშაულებს

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში დღეს, 29 მარტს, 60 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ სხეულის დაზიანებებით გადაიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 60 წლის ქალს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ოჯახმა რუსთავი 2-ს უთხრა, ქალს აღენიშნება არაერთი დაზიანება, მათ შორის, სახეზე, თავზე, ხელებსა და ფეხებზე.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბრალდებებს უარყოფენ.

“აღნიშნული ბენეფიციარი საწოლიდან წამოდგომისას წაიქცა, შემდეგ მორიგე ექიმმა გამოიძახა კატასტროფის ბრიგადა და გადაიყვანეს ჰოსპიტალ-სერვისში. კატეგორიულად გამოვრიცხავ ძალადობის რაიმე ფაქტს ჩვენი ცენტრის მედპერსონალის მხრიდან. ვერ გეტყვით, რა დაზიანებებზე საუბრობენ. ბენეფიციარის ისტორიაშია აღნიშნული ყველა დეტალი”, – თქვა ჟურნალისტებთან ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრის ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ გიორგაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი