ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამინისტრო არ ადასტურებს, რომ საქართველოში აფხაზები და ოსები არ შემოუშვეს

29 მარტი, 2019 • 1648
სამინისტრო არ ადასტურებს, რომ საქართველოში აფხაზები და ოსები არ შემოუშვეს

“ჩვენთვის არ არის ცნობილი არცერთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე პირი არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. ბევრ სერვისზე პირიქით, წვდომა არის გამარტივებული, გადაადგილება გახშირებული და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდენციაა ასეთი, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში კითხვაზე  აფხაზი და ოსი აქტივისტების საქართველოში არშემოშვების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

“აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხალთა შორის კონტაქტს ხელი უნდა შევუწყოთ და ინტერესი ამის მიმართ არის მომატებული. სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი, მაშინაც შეფერხება მხოლოდ ტექნიკური მიზეზით მოხდა და ის დაუყოვნებლივ მოგვარდა”, – განმარტავენ სამინისტროში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ცხინვალსა და სოხუმში აღებული რუსული პასპორტების მქონე ოსი და აფხაზი მოქალაქეები საქართველოში არ შემოუშვეს, ან შემოსვლის დროს ქართველმა მებააჟებმა დაკითხვა მოუწყვეს,  საქართველოს ყოფილმა ომბუდსმენმა, უფლებამდამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაავრცელა.

როგორც ნანუაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა: “რამდენიმე შემთხვევა იყო. ზოგი არ შემოუშვეს, ზოგი მხოლოდ თბილისიდან ჩარევის და რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შემოუშვეს. ერთ შემთხვევაში კი უკან გააბრუნეს და მხოლოდ მეორე დღეს შეძლო შემოსვლა”.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ცუდ მოპყრობაზე საუბრობს ერთი, დაკითხვაზე და ისეთ კითხვებზე, რომელიც, წესით, არ უნდა დაესვათ, მისი ნათესავების, ოჯახის წევრების საქმიანობაზე და სხვა”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი