ახალი ამბები

სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან

29 მარტი, 2019 • 1218
სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გახდა სამეცნიერო გუნდი “ობერტონი”. გამარჯვებულმა ხუთეულმა, სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რეგიშვილმა და იონა იობიძემ, კონკურსზე პროექტი “ბარნის სმარტ ლაბირინთი” წარადგინეს.

“ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის თუ საკვების დაბინძურების და სხვა) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, თუ რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს”, – ასე აღწერს თავის გამოგონებას კონკურსში გამარჯვებული გუნდი.

გამარჯვებულები 28 მარტს დააჯილდოვეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა. კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ არის ორგანიზებული და მას საქართველოში აშშ-ის საელჩო აფინანსებს. 

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველ ადგილზე გასული ჯგუფი ზაფხულში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წელს გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი