ახალი ამბები

Foreign Policy: საქართველო მზადაა თავის ტერიტორიაზე ISIS-ის მოწინააღმდეგეები გაწვრთნას

23 სექტემბერი, 2014 •
Foreign Policy: საქართველო მზადაა თავის ტერიტორიაზე ISIS-ის მოწინააღმდეგეები გაწვრთნას

ჟურნალისტი ჯონ ჰადსონი წერს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ISIS-ის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა  ქართულმა მხარემ აშშ-ს შეთავაზა ობამას ადმინისტრაციასთან ურთიერთობების პოტენციური გაღრმავების მიზნით:

 

“[საწვრთნელი ცენტრი] იყო რაღაც ისეთი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა”, – გამოცემის ცნობით, განაცხადა საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ, რომელმაც ზემოხსენებული ინფორმაცია დაადასტურა.

 

ჯონ ჰადსონის წერს, რომ გეგეშიძის თქმით, საწვრთნელმა ცენტრმა “ისლამისტური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლებს სირიის გარდა  შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც უმასპინძლონ:

 

“ეს არის კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის”, – სტატიის მიხედვით ამბობს გეგეშიძე.

 

ჯონ ჰადსონის ცნობით, საწვრთნელი ცენტრის საქართველოში მოწყობის გეგმა ქართველმა ოფიციალურმა პირებმა თბილისში ვიზიტად მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს შესთავაზეს დახურულ შეხვედრებზე. პენტაგონი ამ დროისთვის თავს იკავებს განაცხადოს, დათანხმდნენ თუ არა ამ წინადადებას.


სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს ეხება განცხადება, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:


“საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


ISIS-ის წევრმა ექსტრემისტებმა მიიტაცეს ერაყისა და სირიის ვრცელი ტერიტორიები და ახლო აღმოსავლეთში ხალიფატის შექმნა გამოაცხადეს, რასაც აშშ და მისი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან.


აშშ–მა და არაბმა პარტნიორებმა დღეს სირიაში გამაგრებულ ისლამისტურ სახელმწიფოზე საჰაერო და სარაკეტო შეტევა დაიწყეს. აშშ–ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მებრძოლების წინააღმდეგ ახალი, ბევრად უფრო გართულებული ფრონტი იხსნება.


“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამერიკა სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ თავის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს სამხედრო ძალისხმევას ბომბდამშენის, რაკეტა ტომაჰოვკისა და სახმელეთო თავდასხმის რაკეტების გამოყენებით,” – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ადმირალმა ჯონ კირბიმ.


“იმის გათვალისწინებით, რომ ეს ოპერაცია ახლა მიმდინარეობს, დამატებით დეტალებს ვერ მოგაწოდებთ,”– თქვა მან. როიტერის ინფორმაციით, კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპერაციაში ჩართულია საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, იორდანია და ბაჰრეინი, თუმცა სამხედრო მოქმედებებში მათი ზუსტი როლი ბუნდოვანია. მისივე თქმით, ყატარმაც შეუწყო ხელი საჰაერო თავდასხმებს. ერთ–ერთი სამიზნე სირიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი რაქაა, სადაც ისლამისტური სახელმწიფოს შტაბი მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი