ახალი ამბები

ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – პრემიერი

28 მარტი, 2019 • 1013
ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – პრემიერი

ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტის გავრცელება ინტერნეტსივრცეში, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გამოჩენას.

“საზოგადოებიდან ამ ყველაფერს მოჰყვა ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით გამოწვეული ნაბიჯების გადადგმა. მყისიერად მოხდა სამართალდამცელების ინფორმირება, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ შსს-ს ჰყავს უკვე ეჭვმიტანილიც და აქტიურად მუშაობენ, რომ გამოვლინდეს სხვებიც”, – განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მამუკა ბახტაძის თქმით, კიბერდანაშაული ძალიან კომპლექსურია და ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს.

“ერთი მხრივ, ძალიან  მძიმეა იმ ყველაფრის მოსმენა, რომ კიდევ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი საქართველოში.  ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი რესურსები, დამატებითი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კიბერდანაშაული მისი შინაარსით არის რთული ტიპის დანაშაული და მასთან ბრძოლა არის ძალიან რთული. ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირს ეს. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში არასდროს აღარ დაფიქსირდეს მსგავსი ფაქტი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოხდეს პრევენცია”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შსს დამკვეთების გამოსავლენად არაეფექტურად მუშაობს.

“ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს, როდესაც ასეთ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს? რეაქციაც ამ კონკრეტულ შეთხვევაზე იყო მყისიერი. შევთანხმდეთ, რომ საკითხი, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გავრცელებას, არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამის გამართლება არანაირი არგუმენტით არ შეიძლება. ყველანი უნდა ვიყოთ დაინტერესებული და  ვართ დაინტერესებული, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენის რომელიმე ეტაპზე იქნება იდენტიფიცირებული, იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. დიახ, ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ გამოძიებას. იმის მტკიცება, რომ გამოძიება ამისთვის არაფერს აკეთებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ საიტზე თითქმის ორი კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი და 6 ათასამდე ნახვა ჰქონდა. ვიდეო ამჟამად წაშლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი