დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის აგარაკის გაქურდვაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ.. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ  ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თავდაპირველად ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსთავი 2-მა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებდნენ, რადგან შეტყობინება არ იყო შესული. თავად გიორგი ქობულია კი ამბობდა, რომ ეს იყო “პირადი საკითხი”, რის გამოც ფაქტზე საერთოდ არ ისაუბრა.

რამდენიმე კვირის წინ გაქურდეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის სახლიც, რა დროსაც წაიღეს სეიფი. სეიფში დეპუტატის სახელზე რეგისტრირებული იარაღი და ფული იყო განთავსებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.