ახალი ამბები

დაკავებულია თაღლითური ჯგუფის 4 წევრი – სუსი

28 მარტი, 2019 • 787
დაკავებულია თაღლითური ჯგუფის 4 წევრი – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, მათთვის 2 700 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას.

“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ კომპანიის წარმომადგენლებისგან მოთხოვნილ თანხის ნაწილს – 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ-მ 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად, ჯამში,  მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

“საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი