ლიეტუვის სასამართლომ საბჭოთა მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო ომის დანაშაულებში

ლიეტუვის სასამართლომ საბჭოთა კავშირის ყოფილი სამხედრო მეთაური და KGB-ს მაღალი რანგის ოფიცერი დამნაშავედ ცნო ომის დანაშაულსა და დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ. განაჩენი 1991 წლის იანვრის მოვლენებს ეხება, როდესაც სსრკ-მ ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩახშობა სცადა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

27 მარტს გამოტანილი ვერდიქტით ვილნიუსის რეგიონულმა სასამართლომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი იაზოვს, რომელიც 94 წლისაა, დაუსწრებლად მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა; KGB-ს ყოფილ ოფიცერ მიხაილ გოლოვატოვს 12 წელი მიუსაჯეს.

იაზოვი და გოლოვატოვი ყველაზე ცნობილები იყვნენ იმ 67 ბრალდებულს შორის, რომლებიც ე.წ იანვრის მოვლენების საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. დანარჩენ ბრალდებულებს — რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეებს — ვილნიუსის რეგიონულმა სასამართლომ 4-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა მიუსაჯა. ყველა მათგანს, ორის გარდა, დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი.

რუსეთის ხელისუფლება სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულსა და უკანონოს უწოდებს.

იანვრის მოვლენების (ან ვილნიუსის სისხლიანი კვირის) სახელით იცნობენ ლიეტუვაში 1991 წლის 11 იანვრიდან 13 იანვრამდე მოვლენებს, როდესაც საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმებმა დამოუკიდებლობის მოძრაობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ქვეყნის პარლამენტისა და დედაქალაქის ტელეანძის დაცვისას 14 შეუიარაღებელი დემონსტრანტი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაიჭრა. საბოლოოდ, იანვრის მოვლენების შემდეგ, ლიეტუვის დამოუკიდებლობას აღდგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com