ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, მომავლი თვიდან სოცმუშაკებისთვის ხელფასის ანაზღაურება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ბარკალაიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა ჰკითხა, ექნება თუ არა სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ორმაგი სახელფასო ხარჯი. სამინისტროს ცნობით, გაფიცული სოცმუშაკების მოვალეობებს ნაწილობრივ შტატგარეშე თანამშრომლები ასრულებენ.
ამ კითხვაზე პასუხისას ბარკალაიამ თქვა, რომ ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან, შესაძლოა, გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასი მომავალ თვეს საერთოდ არ გადაუხადონ.
“გაფიცულებს ამ პერიოდში, თვის განმავლობაში, ხელფასი აუნაზღაურდებათ. თანხა უკვე გადარიცხული არის, თუმცა მომავალი თვიდან კთხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება იმიტომ, რომ კანონით დამსაქმებელი ვალდებული არ არის, რომ აუნაზღაუროს ხელფასი”, – ამბობს თამარ ბარკალაია ნეტგაზეთისთვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ვიდეოში.
გარდა ამისა, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ სოცმუშაკების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უწყება თითო რეგიონში თითო მანქანას, თბილისში კი 1 ფსიქოლოგს დაამატებს. ასევე, სამინისტრო აცხადებს, რომ იგეგმება 12 იურისტისა და 2019 წლის განმავლობაში 50 სოციალური მუშაკის დამატება. ამ დროისთვის კი 30 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში სოციალურ მუშაკებს აქვთ სპეციალური ბარათებიც, რომლითაც საზოგადოებრივ მუნიციპალურ ტრანსპორტში საშეღავათო ფასით მგზავრობენ, 2020 წლიდან კი ხელფასი 1500 ლარამდე გაეზრდებათ.
თავად სოცმუშაკები კი ამბობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან მიზერულია და სურათს ვერ შეცვლის.
ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან