სამხედრო მფრინავი ქალი ეკატერინე ქვლივიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში გენდერული ნიშნით ავიწროებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს ქვლივიძის ინტერესებს. თავდაცვის სამინისტრო კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მფრინავის მსახურობის პერიოდში მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.
რას ედავება სამხედრო მფრინავი თავდაცვის სამინისტროს
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სამხედრო მფრინავი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. სამსახურიდან წასვლისთვის თავდაცვის სამინისტრო ქვლივიძისგან ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრებას ითხოვს. ქვლივიძის ინტერესებს სწორედ ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.
“ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად მსახურობდა 2007 წლიდან, 11 წელზე მეტი ვადით. 2008 წელს შესრულებული სამსახური ჩათვლილი აქვს ნამსახურეობის 3 წლად. სამხედრო სამსახურში ყოფნისას კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რისთვისაც არაერთხელ გამოეცხადა მადლობა. 2017 წელს მიღებული აქვს II ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის, ” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში მფრინავს არ ეძლეოდა საქმიანობის საშუალება.
ცენტრი ამბობს, რომ ეკატერინე ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 30 მაისს დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ეკატერინე ქვლივიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს.
საქართველოში დაბრუნებისას კი გაირკვა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გადაყვანილია წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში.
“ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეკატერინე ქვლივიძის დაბრუნების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი მფრინავ გადასულიყო ქვეით ჯარში. ქვლივიძემ გამოთქვა პროტესტი, რადგან ამით, პრაქტიკულად, სრულდებოდა მისი, როგორც მფრინავის, კარიერა. თუმცა მას უარი არ უთქვამს, ჩაეტარებინა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე. ამავდროულად, ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს,” – ვკითხულობთ ცენტრის განცხადებაში.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” განმარტავს, რომ ეკატერინე ქვლივიძემ 2018 წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახადა, მიემართა პატაკით ხელმძღვანელობისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რადგან გამუდმებით ირღვეოდა მისი უფლებები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ასევე – 28 000 ლარის 0.2% საურავის დაკისრება 2018 წლის 2 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე.
“ნიშანდობლივია, რომ თავდაცვის სამინისტროდან არაერთი მოსამსახურე გათავისუფლდა კონტრაქტის შეწყვეტით პატაკის საფუძველზე, მაგრამ ისე, რომ მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონია. თავდაცვის სამინისტრო ყოფილ თანამშრომელს კონტრაქტის პირობების შეწყვეტაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად სამინისტროს არ შეუსრულებია კონტრაქტის პირობები, კერძოდ, გადასახდელი აქვს 3 წლის სახელფასო დანამატი”, – ამბობს ორგანიზაცია.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.
მფრინავის უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, აღნიშნული საქმის მოკვლევამდე სამინისტრომ უკან გაიხმოს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელი. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით.
თავდაცვის სამინისტროს განმარტება
თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ეკატერინე ქვლივიძე გახდა გენდერული ან რაიმე სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი. უწყება როგორც წერს, თავდაცვაში მუშაობის პერიოდში მას ადმინისტრაციისთვის პრეტენზიით არ მიუმართავს.
სამინისტროში ადასუტრებენ, რომ თავდაცვის უწყებასა და ქვლივიძეს შორის ხელშეკრულება მართლაც 2017 წლის 30 მაისს დაიდო, რომელიც განისაზღვრა, მივლინების ვადის ჩათვლით, 8 წლით.
სამინისტრო ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ქვლივიძე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა აშშ-ის ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე.
“აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ეკატერინე ქვლივიძემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით.(„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტის შესაბამისად, თავდაცვის უწყებამ მოითხოვა კონტრაქტის დარღვევის საფუძველზე კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.)
ამის შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც გააფრთხილებს პირს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ვალდებულია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სანქციები,” – წერს თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში რაიმე სახის დარღვევის შესახებ უწყებისთვის არ მიუმართავს და პრეტენზიები მას შემდეგ გამოთქვა, რაც სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა.
თავდაცვის უწყების ცნობით, ქვლივიძემ მიიღო უცხოური განათლება, რაშიც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 49 ათასი აშშ დოლარი, შესაბამისად, ის ვალდებულია, სამსახურის დატოვების გამო აანაზღაუროს აღნიშნული თანხა.
სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ მას გააჩნია კონკრეტული მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული თანასწორობის განმტკიცება, დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრა, რასაც არეგულირებს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია. უწყება იმ პროცედურებზეც მიუთითებს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს სამინისტროში დასაქმებულმა და როგორ აცნობოს ხელმძღვანელობას, თუ გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი.