ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი NATO-საქართველოს მორიგი წვრთნებით უკმაყოფილოა

25 მარტი, 2019 • 1297
სოხუმი NATO-საქართველოს მორიგი წვრთნებით უკმაყოფილოა

“დაჟინებით მოვუწოდებთ თბილისსა და ბრიუსელს, საკუთარი საბრძოლო ამბიციების ღია დემონტრაციის დამღუპველობა გაიაზრონ”, – ასე ეხმაურება აფხაზური მხარე NATO-საქართველოს მორიგ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც თბილისში, კრწანისის საწვრთნელ ცენტრში 18-დან 29 მარტამდე პერიოდში ტარდება.

NATO-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საქართველოში ესწრება ასევე NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც თბილისში 24 მარტს ჩამოფრინდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

“ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ ვაღიარებთ მათ. პოლიტიკური დიალოგის წარმოება რუსეთთან მარტივი არა არის და დიდი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც არის საქართველოს რეგიონები”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“საქართველოს დასავლელი პარტნიორების მორიგი გამონათქვამები და მათი კლიენტის მხარდაჭერა ვერავის გააკვირვებს. ეს დიდი ხანია ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდის რიტორიკის ნაწილი გახდა.

თბილისის NATO-ს სამხედრო სტრუქტურაში ინტეგრაციისადმი სწრაფვა კიდევ უფრო საეჭვოს ხდის საქართველოს დეკლარირებულ “სამშვიდობო პოლიტიკას”. სრულიად გასაგებია, რა სავარაუდო საფრთხეებზე რეაგრებას გეგმავს საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად”, – აცხადებს აფხაზური მხარე.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი ეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც, აფხაზური მხარის განცხადებითვე, “მსგავსი ნაბიჯებით თბილისი საფრთხის ქვეშ აყენებს”.

მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება საქართველო -NATO-ს ყველა სამხედრო წვრთნების დროს, როგორც აფხაზური, ასევე ოსური მხარეების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი