ახალი ამბები

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება – სტოლტენბერგი

25 მარტი, 2019 • 1386
მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდა, უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ასევე, გაიყვანოს ჯარები ამ ორი რეგიონიდან.

“ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ჩვენ არასოდეს სხვანაირად არ ვაღიარებთ მათ. პოლიტიკური დიალოგის წარმოება რუსეთთან მარტივი არა არის და დიდი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც არის საქართველოს რეგიონები”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გარეშე გახდეს ნატო-ს წევრი, ალიანსის გენერალური მდივანი პასუხობს:

“ნატო-ს წევრებმა ცხადად თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რეფორმების განხორციელბაში და იმაში, რომ მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ნაწილზე დეტალერუად არ ვისაუბრებ ახლა, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოადმი ამ მიმართლებით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წელს აღებული ვალდებულება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

“რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით. ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის. ერთგული ვართ, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მსოფლიო თანამეგორბობის ჩართულობით. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავიწყოთ რეალიზაცია იმ სამშვიდობო ინიციატივების, რომლებიც მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რომ როგორმე შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც ორივე რეგიონში არის”, – განაცხადა ბახტაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი