“ევროპული საქართველო” ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, გვენეტაძესთან კითხვები სესხებზე ამოქმედებული რეგულაციების თაობაზე აქვთ.
ბაქრაძის თქმით, აღნიშნული რეგულაციების უარყოფითი შედეგი მოსახლეობაზე უკვე აისახა:
“ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ იბარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგი. კარგად ჩანს 10 000-ობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას.
უკვე დაზარალდა ბიზნესი, ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს. უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამიტომ ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ სრულიად გადაუდებლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში” ,- ამბობს ბაქრაძე.
“ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, პარტია მოითხოვს აღნიშნული რეგულაციების გადახედვას:
“ჩვენი მოთხოვნაა, გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა, რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს და პირდაპირ დაარტყა იმ საშუალო ფენას, რომელიც იღებდა კრედიტს და რომელზეც დგას საქართვეოს მომავალი სიმყარე და კეთილდღეობა და დააზიანა ბიზნესი და გაზარდა უმუშევრობა. ეს არის მთავრობის და ბანკის რეგულაციების შედეგი და ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფო წესით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდეს საკომიტეტო მოსმენაზე და ჩაგვაბაროს ანგარიში” ,- აცხადებს დავით ბაქრაძე.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
ეროვნულმა ბანკმა საბანკო სესხებზე ახალი შეზღუდვები დაამტკიცა