ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” 5 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა

25 მარტი, 2019 • 1069
“ქართულმა ოცნებამ” 5 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშივლმა ადგილობრივი თვითმმართველობების შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა.

ღარიბაშვილის თქმით, ზუგდიდში კენჭს პარტიის სახელით გიორგი შენგელია იყრის, რომელიც ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მარნეულის მერად კენჭს ზაურ დარგალი იყრის, რომელიც, ღარიბაშვილის თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას ამ დრომდე იკავებს:

“ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი დიდი ხანია ჩართულია ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. ზაურს აქვს დიდი გამოცდილება ქვემო ქართლში მუშაობის. ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი და გვჯერა, რომ ზაური მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას წარმატებით გაუძღვება და მარნეულის მოსახლეობას მაქსიმალურად ხელს შეუწყობს”

ზესტაფონიში ქართული ოცნების სახელით კენჭს გიორგი გოგლიჩიძე იყრის:

“ბატონი გიორგი წლების მანძილზე იყო ჩართული პოლიტიკაში. იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა ნაცმოძრაობის არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები აქვს ამ მუნიციპალიტეტს” , – თქვა ღარიბაშივლმა.

ჭიათურაში მერობის კანდიდატად “ქართული ოცნება” გივი მოდებაძეს ასახელებს, ხულოში კი კენჭს ვახტანგ ბერიძე იყრის, რომელიც ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება.

“ოცნებამ” მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი