ახალი ამბები

“ოცნებამ” მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

25 მარტი, 2019 • 2906
“ოცნებამ” მთაწმინდაზე ლადო კახაძე წარადგინა

ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. ექიმი, პოლიტიკოსი, მოცეკვავე და პოეტი დღევანდელ ბრიფინგზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

“ჩემს ასაკში უკვე, როდესაც შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას: ბაბუუ! ასე რომ დაგიძახებენ და მთელი შენი მიძინებული ენერგია თავს მოიყრის; ამ დიდებულ ძალაში, ამ გამართულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარი/ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს”, – განაცხადა კანდიდატად წარდგენის შემდეგ ლადო კახაძემ.

1978 წლიდან ლადო კახაძე სამედიცინო საქმიანობით არის დაკავებული. ის აგრეთვე იყო მოცეკვავე. როგორც თავად ამბობს, ცეკვით აქვს მოვლილი მთელი მსოფლიო. სამედიცინო ნაშრომების გარდა, ლადო კახაძეს დაწერილი აქვს არაერთი მხატვრული ლექსიც.

1998-2002 წლებში ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ლადო კახაძე ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, რომელმაც 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო, თუმცა ის მალევე გადავიდა ედუარდ შევარდნაძის პარტიაში. კახაძე განმარტავს, რომ ლეიბორისტები თავად დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მათ პარტიაში მისვლა, თუმცა მათ პოლიტიკურ იდეოლოგიას არ იზიარებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო. მასზე მეტი ხმა მოაგროვეს სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა რურუამ, ნიკოლოზ ფრუიძემ, დავით თევზაძემ, ლადო სადღობელაშვილმა, თამარ კორძაიამ და გრიგოლ ბარამიძემ.

2002 წელს ლადო კახაძეს ღირსების ორდენი გადასცეს, ხოლო 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი