ახალი ამბები

საგანგაშოა სოცმუშაკთა შრომითი პირობები – ფონდი ღია საზოგადოება

25 მარტი, 2019 • 883
საგანგაშოა სოცმუშაკთა შრომითი პირობები – ფონდი ღია საზოგადოება

“ღია საზოგადოების ფონდი” მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა საგაფიცვო მოთხოვნებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

განცხადებაში “ღია საზოგადოების ფონდი” განმარტავს, რომ სოციალურ მუშაკთა მოთხოვნები ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება და მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გაითვალისწინონ სოციალურ მუშაკთა ლეგიტიმური მოთხოვნები.

“საგაფიცვო მოთხოვნების ჩამონათვალი მკაფიოდ აჩვენებს სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებს. ამასთანავე, განსაკუთრებით საგანგაშოა სოციალური დაცვის სისტემაში მომუშავე პროფესიონალთა შრომითი პირობები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სოციალური დაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სოციალური მუშაკები ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებით უზრუნველყოს,” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფონდის სამუშაო თემები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თუ უსახლკარობა, დიდწილად არის დამოკიდებული სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობაზე, სრულფასოვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება.

სოცმუშაკებმა გაფიცვა დღეს, 25 მარტს დაიწყეს. მათ მხარს უჭერენ არასამთავორობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი.

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი