ახალი ამბები

იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში – იენს სტოლტენბერგი

25 მარტი, 2019 • 1745
იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო გადაწყვეტენ, როდის იქნება საქართველო ალიანსის წევრობისთვის მზად და მესამე ქვეყანა ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს.

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრრსკონფერენციაზე განაცხადა.

“ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა იქ ფაქტი, რომ ყველას გააჩნია თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს,  უსაფრთხოების რა მექანიზმებს აირჩევს. ეს ყველა ერს შორის შეთანხმებული პრინციპია და ამას დაეთანხმა რუსეთიც, როდესაც ხელი მოაწერა ჰელსინკის აქტს. ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. როცა ჩვენ მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, მესამე ქვეყანას არ ექნება გავლენა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე მიესალმება ნატო-ში. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი და ვერც ერთი სხვა სახელმწიფო ვერ უკარნახებს მეზობელს, რა უნდა გააკეთოს. მან 1949 წელს ნორვეგიის ალიანსში გაწევრიანების მაგალითი გაიხსენა და თქვა, რომ ეს სტალინს არ მოეწონა, მაგრამ გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის მისაღები არ იყო.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავად საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობას.

“თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, გააგრძელოთ თავდაცვის სისტემების მოდერნიზება, სასამართლო სისტემის რეფორმა და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილება. მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოს სასიკეთოდ, ნატო-ს სასიკეთოდ…”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი