ახალი ამბები

“ტფილისის ჰამქარი” მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობას აპროტესტებს

24 მარტი, 2019 • 2772
“ტფილისის ჰამქარი” მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან მშენებლობას აპროტესტებს

თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მცველების გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი” მთაწმინდაზე მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიასთან სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს და წერს, რომ მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაეცათ, რადგან იგი მკაცრი დაცვის ზონაში ექცევა.

“ჰამქრის” თანახმად, რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან სამუშაოები მიმდინარეობს, არქიტექტურის სამსახურს პროექტი შეთანხმებული აქვს და მშენებლობის ნებართვა — გაცემული. ტვერელის ეკლესია XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და გამორჩეულ ტაძრად მიიჩნევა.

“სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში, რომელსაც სხვანაირად მკაცრი დაცვის ზონად მოიხსენიებენ”, — წერს “ჰამქარი”.

ჯგუფი ამ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოსა და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოს უწოდებს. “შედეგად ვიღებთ ისტორიული ქალაქის აღქმის გაუარესებას, საფრთხეს ვუქმნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც საძირკველი ფაქტიურად გამოცლილი აქვს, ვაშენებთ სარისკო გრუნტზე და საზოგადოებას ვუტოვებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას”, — წერს “თბილისის ჰამქარი”.

ჯგუფი მხარდამჭერებთან შეხვედრას 26 მარტს, 15:00 საათზე გეგმავს. ისინი ეწინააღმდეგებიან მამადავითის ძირში, ტვერელის მიმდებარედ და თამარ ჭოველიძის ქუჩის ბოლოში კლდეების ჭრას.

ტფილისის ჰამქარი

მასალების გადაბეჭდვის წესი