ახალი ამბები

ხმაური და დაპირსპირება საოლქო საარჩევნო კომისიებთან — რა ხდებოდა მარნეულსა და მთაწმინდაზე

29 სექტემბერი, 2020 • 1526
ხმაური და დაპირსპირება საოლქო საარჩევნო კომისიებთან — რა ხდებოდა მარნეულსა და მთაწმინდაზე

დღეს, 29 სექტემბერს მთაწმინდისა და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირსპირება იყო. აღნიშნულ საოლქო კომისიებთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრების გარეშე შეარჩიეს.

რა ხდებოდა მარნეულში?

მარნეულში, საოლქო საარჩვენო კომისიასთან შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საუბნო კომისიაში მათი წარმომადგენლები სხდომას არ დაასწრეს. მათი თქმით, ისინი აღნიშნულს აპროტესტებდნენ, როდესაც მათსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირსპირება მოხდა.

მარნეულში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ქველაძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მას “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსულმა პიროვნებამ შეაგინა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოჰყვა.

“ჩატარდა საუბნო კომისიის სხდომები, სადაც ჩვენი კომისიის წევრები არ დაასწრეს და ისე აირჩიეს ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც არჩევნები უნდა გააყალბონ. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი საუბნო კომისიის წევრები აპირებდნენ აქციის მოწყობას თავიანთი უფლებების დასაცავად და როდესაც ესენი მოვიდნენ, “ქართული ოცნების” შტაბიდან გადმოვიდა ვიღაც პიროვნება და დაიწყო დედის გინება, ესენი რატომ მოვიდნენო. ამასთან დაკავშირებით ხელი ვკარი და მაგ დროს ხელი დამარტყა”, — ამბობს ქველაძე.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის,  ირაკლი კობახიძის თქმით კი, ეს “რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკაა” და მათგან მოსალოდნელი “პროვოკაციების” შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებსაც აფრთხილებდნენ.

“მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა მოაწყვეს აქცია, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მმართველ გუნდს და მის წარმომადგენლებს და ამის შემდეგ ერთ-ერთი წევრი, ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას და ამ დროს იყო სიტყვიერი კამათი და ფიზიკური დაპირისპირება და ერთ-ერთ წარმომადგენელს პერანგი შემოახია ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა. ჩვენ საერთაშორისო წარმომადგენლებს ვაწვდიდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ტაქტიკა შეიძლება ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას და, რა თქმა უნდა, ოქტომბრისთვის იყო მოსალოდნელი მათი მხრიდან პროვოკაციების მატება და ამას ჩვენ ვხედავთ”, — განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ “პროვოკაციები” განსაკუთრებით მომატებულია ქვემო ქართლის ორ ოლქში და თბილისის კონკრეტულ რაიონში.

კობახიძემ ყველას მოუწოდა, რომ “პროვოკაციებისგან” თავი შეიკავონ.

მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ცესკოც და მომხდარი საოლქო საარჩევნო კომისიაზე  ძალადობის და ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

როგორვ ცესკოში აცხადებენ, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულ წევრები, პირველი სხდომების გამართვის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.  მათი განმარტებით, რამდენიმესთან დაკავშირება “შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო” ვერ მოხერხდა, რამდენიმე წევრი კი სხდომაზე არ გამოცხადდა.

“სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტა, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რაზეც პასუხად მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ასევე სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი”, — აცხადებენ ცესკოში.

ცესკომ დამკირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, რომ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს ყურადღებით დააკვირდნენ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის “მიზანმიმართული დისკრედიტაციის და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს და მცდელობა აქვს, დაძაბული წინასაარჩევნო ფონი შექმნას”.

ამასთან, ცესკო აღნიშნავს,რომ  მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მიერ დროული მოკვლევა ჩატარდეს “აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა” და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რა ხდებოდა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან?

საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების გაუმჭვირვალედ შერჩევას აპროტესტებდნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც. მათი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის სხდომას არ დაასწრეს და საუბნო კომისიების თანამდებობებზე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები დანიშნეს.

“12 საათზე უნდა გახსნილიყო უბანი პირველად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, და უნდა დასახელებულიყო იმ კანდიდატების სახელი და გვარები, ვინც მერე თანამდებობის პირები იქნებოდნენ საარჩევნო უბანზე. აქ, ფაქტიურად, განა დღეს დასახელდა, დღეს უბრალოდ ხდება იმის რატიფიცირება, რაც იყო შარშანაც და შარშანწინაც, ეს ხდება ყოველ წელს. ყოველთვის ერთი და იგივე პიროვნებები ხდებიან თანამდებობის პირები”, — განუცხადა ჟურნალისტებს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილთაგან ერთ-ერთმა პირმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში განაცხადეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი  პირველი სხდომების თარიღის და დღის წესრიგის შესახებ ინფორმირებული იყო.

როგორც ცესკოში აღნიშნავენ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსგავს ღონისძიებებში ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობას  და დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე  საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას ცდილობენ.

“მაგალითისთვის, დღეს იყო მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის მცდელობა. ზემოაღნიშნული ორგანიზაციები და ასევე, აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს, ასევე, ჰქონდათ მცდელობა, კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში”, — აცხადებენ ცესკოში.

როგორც ცესკოში აღნიშნავენ, ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სცდება დაკვირვების მანდატს და მათი საქმიანობა “ხორციელდება მიკერძოებულად, რაც თვალნათლივ ასახავს ეუთო/ოდირის 2018 წლის რეკომენდაციებში და დღესაც არსებულ პრობლემას ყალბ დაკვირვებასთან დაკავშირებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი