საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2012 წლის არჩევნები “ქართული ოცნებას” რომ არ მოეგო, “საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა”.
“გუშინ ვუყურებდი სინგაპურის რეკლამას CNN-ზე და გამახსენდა, 2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა”, — განაცხადა სააკაშვილმა 24 მარტს, ენმ-ის პარტიულ ყრილობაზე ინტერნეტ-ჩართვისას.
“აი, მანდ სხედან უცხოელი დიპლომატები, ელჩები. არავის არ სჯეროდა, იცით? ხშირად ასეთი მიდგომა ჰქოდნათ — კარგით, რა, რამდენს იღებთ საკუთარ თავზე… ჩვენ რეალურად ვხდებოდით თანამედროვე სინგაპური ჩვენს რეგიონში”, — თქვა სააკაშვილმა.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ-ს ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო, საქართველო “სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა” გამხდარიყო, თუმცა ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია.
სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მდიდარი ქალაქი-სახელმწიფოა, რომელსაც 1959 წლიდან “სახალხო მოქმედების პარტია” (People’s Action Party -PAP) მართავს.
წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:
ძველი საქართველო, სინგაპური და ევროპა – თომას დე ვაალის სამკუთხედი
ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია