ახალი ამბები

ყრილობაზე ენმ-ს თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

24 მარტი, 2019 • 2523
ყრილობაზე ენმ-ს თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

24 მარტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 366-მა დელეგატმა. აქედან 364-მა მას მხარი დაუჭირა, ერთმა ადამიანმა უარყო მისი კანდიდატურა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ენმ-ს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავდა, რისი ოფიციალური არგუმენტი ის იყო, რომ, პარტიის შეფასებით, ენმ-ის ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნილობაში იმყოფება. ეს საკითხი 2017 წლის გაყოფის დროს დღევანდელი ევროპული საქართველოს წევრებსა და ენმ-ში დარჩენილ პოლიტიკოსებს შორის დაპისიპირების ერთ-ერთ საგანი იყო. ბაქრაძე/უგულავა/ბოკერიას გუნდი, რომელიც გამოეყო ენმ-ს და “ევროპულ საქართველოდ”  ჩამოყალიბდა, თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტს განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე სჭირდება — “პარტიას ადგილზე სჭირდება ლიდერი, რომელიც დროშას ხალხთან ერთად აიტაცებს… მე ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

[red_box]გრიგოლ ვაშაძე[/red_box]

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია. 4 წლის მანძილზე, 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 1 თვის მანძილზე კი კულტურის მინისტრის პოსტიც ეკავა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაშაძე ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან დამარცხდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. პირველ ტურში მან 37.74% აიღო, ზურაბიშილმა კი 38.64%. მეორე ტურში იგი დამარცხდა — ვაშაძემ 40.48% მიიღო, ზურაბიშვილმა — 59.5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი