ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე სჭირდება და ის ვაშაძეს უჭერს მხარს

18 მარტი, 2019 • 1807
სააკაშვილის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარე სჭირდება და ის ვაშაძეს უჭერს მხარს

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარე სჭირდება. ამის შესახებ მან ფეისბუკ-მიმართვაში განაცხადა, რომელიც დღეს გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ენმ-ს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავს. ამის ოფიციალური არგუმენტი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დევნილობაში იმყოფება. ეს საკითხი 2017 წლის გაყოფის დროს დღევანდელი ევროპული საქართველოს წევრებსა და ენმ-ში დარჩენილ პოლიტიკოსებს შორის დაპისიპირების ერთ-ერთ საგანი იყო. ბაქრაძე/უგულავა/ბოკერიას გუნდი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიას ადგილზე სჭირდება ლიდერი, რომელიც დროშას ხალხთან ერთად აიტაცებს.

“მე ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან პარტიის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“ენმ – ეს არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული და კიდევ უფრო საინტერესო მომავალი. იმისათვის, რომ ეს მომავალი დროზე დადგეს, საჭიროა მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, შიდა წყობის… ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა ახალი ხალხის მოსვლა”, – თქვა სააკაშვილმა.

ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელიაა. მას ორი მოადგილე ჰყავს: ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

ამავე თემაზე

“შეგვეძლება ხმა მივცეთ აიფონით” – ენმ შიდაპარტიულ ელექტრონულ კენჭისყრას ნერგავს

მასალების გადაბეჭდვის წესი