“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალურად დაცვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში 5 სექტემბერს დარეგისტრირდა.
ცვლილებების მიხედვით, იმ პირს, ან პირის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დაზარალდებულად მიიჩნევა, მინიმუმ 1 ათასი, მაქსიმუმ 2 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება შეეძლება.
კომპენსაციის ზუსტ ოდენობას კი სასამართლო განსაზღვრავს. “რეპრესირებულთა მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმის, მათი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით,”- წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილების მოტივი არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აღსრულების ზედამხედველობის დეპარტამენტის რეკომენდაცია, რომ 200-500 ლარის ოდენობის კომპენსაცია არ არის გონივრული თანხა.
2011 წელს აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით რეპრესირებულთათვის და მათი პირველი რიგის შთამომავლებისთვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაეკისრა. სწორედ სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე დამკვიდრდა არსებული ზღვარი, რაც კანონის არსებულ რედაქციაში გაწერილი ამ დრომდე არ არის.
საკანონმდებლო ცვლიელბის განმარტებით ბარათში კომპენსაციის ოდენობისა და მისი გაცემის წესების დადგენის აუცილებლობას საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან ამ წესების არარსებობის გამო მან საქმე “კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ” 2010 წელს წააგო (4 ათასი ევრო დაეკისრა გადასახდელად თითოეულისთვის).
ამჟამად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს ანალოგიური შინაარსის საქმეს “ბურდიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”.
ევროსასამართლომ კილაძეები იმის გამო გაამართლა, რომ კანონის 2010 წლის რედაქციაშიც არ ყოფილა გაწერილი კონპენსაციის გაცემის ოდენობა და მეთოდი, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ხარვეზს უწოდებს, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ადამინის უფლებათა ევროპულ კონცვენციასთან.
აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მიმართა პარლამენტს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”. საიას შენიშვნები 2013 წლის ნოემბერში სწორედ კომპენსაციის ოდენობას შეეხებოდა, რომელიც ორგანიზაციის აზრით, “სიმბოლური იყო.”
საიას აზრით, კანონს უნდა განესაზღვრა კომპენსაციის გაცემის სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები და კომპენსაციის ზედა და ქვედა ზღვარი 2 ათასიდან 10 ათას ლარამდე უნდა განისაზღვროს.
საიამ მიიჩნია, რომ კომპენსაცია სასამართლოს გვერდის ავლით ეკონომიკის სამინისტროსგან მარტივი წარმოების გზით უნდა მიიღონ.
საიას შეთავაზება მოიცავდა საბჭოთა რეპრესიებისა და მათი შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეპრესიების მსხვერპლთა სხოვნის პატივსაცემად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამარლოში შესულია 7800 საჩივარი, რომელთაგან 7 ათასი საქმე სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამავე წყაროს მიხედით, გაცემული კომპენსაცია შეადგენს 1.5 მილიონ ლარს.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოც განიხილვას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 19 სექტემბერს განიხილავენ.