ახალი ამბები

პარლამენტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედების გადავადებაზე მსჯელობს

17 სექტემბერი, 2014 •
პარლამენტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედების გადავადებაზე მსჯელობს

მოქმედი კანონის თანახმად, 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის 110–ე და 114–ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმეებს. გარდა აღნიშნულისა, 1 ოქტომბრამდე სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლით გათვალისწიენბული დანაშაულის საქმეებს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველი ინსტანციის წესით განიხილავს თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები, ამას გარდა, 1 ოქტომბრამდე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განიხილავენ “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მეორე მუხლში მითითებული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე იმ პირების საქმეებს, რომლებსაც ბრალი ედებათ დანაშაულის ჩადენაში აღნიშნულ თანამდებობის პირებთან ერთად. 

 

2014 წლის 1 ოქტომბრიდან ძალას კარგავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა, რის შემდეგაც სრული წესით ამოქმედდება ზოგადი წესი და პოტენციურად, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას დაექვემდებარება სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელშიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთაა გათვალსიწინებული. ამასთან, დღეს მოქმედი წესისგან განსხვავებით, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა გავრცელდება უკლებლივ ყველა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე. 

 

სწორედ ამ წესის ამოქმედების გადავადებას მოითხოვს იუსტიციის სამინისტრო 2 წლით, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე. 

 

“ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის დადგენილი წესის სრული მოცულობით ასამოქმედებლად საჭიროა, ერთი მხრივ, მისი შედეგების სრულყოფილად გაანალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, ამისთვის აუცილებელია ნიადაგის მომზადება. სადავო არ არის, რომ მოცემული მომენტისთვის არ არსებობს მზადყოფნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფართო მასშტაბით ასამოქმედებლად, ვინაიდან საამისოდ არ არის შექმნილი სათანადო წინაპირობები,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

 

საპარლამენტო უმცირესობა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების წესის გადავადების წინააღმდეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი