ცქიტიშვილმა არაერთი მცდარი და დამახინჯებული განცხადება გააკეთა – კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შეფასებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებული ზოგიერთი განცხადება მცდარი და არაობიექტურია, რომელიც ზიანის მომტანია ანაკლიის პორტის პროექტისთვის.

პორტის მშენებელი კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 21 მარტს პარლამენტში ცქიტიშვილის ზოგიერთი განცხადება ასევე ზიანის მომტანია იმ საერთაშორისო ინვესტორებისა და დონორებისთვის, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პორტის მშენებლობაში და  აიღეს რისკი, კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში განახორციელონ დიდი მოცულობის ინვესტიცია.

“სამწუხაროდ, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ამ დიდი მნიშვნელობის პროექტს და მისი მშენებლობის პროცესს, ასევე იმ საერთაშორისო ინვესტორებსა და დონორებს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პორტის მშენებლობაში, აიღეს რისკი და აფხაზეთთან ახლოს, კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში, განახორციელეს სოლიდური ინვესტიცია. ეს განცხადებები რეპუტაციას ულახავს და აკნინებს იმ უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან გააგრძელონ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც.
აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ყველაზე ცნობილ და ჩვენი ქვეყნის მთავარ დონორ ბანკებთან (EBRD, OPIC, ADB, AIIB) და სწორედ ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ხელისუფლების შორის 8-პუნქტიან შეთანხმებაზეა დამოკიდებული პროექტის ფინანსური დახურვაც,”-აცხადებენ კონსორციუმში.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ცქიტიშვილის იმ განცხადებასაც პასუხს, სადაც ინფრასტრუქტურის მინისტრი აბობს, რომ კონსორციუმს პორტების ოპერირების გამოცდილება არ აქვს.

“ქალბატონი მინისტრის მიერ მკაფიოდ და არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების საქმეში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი შედგება ისეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან როგორიცაა: Conti Group, SSA Marine, Van Oord, Hyundai , MTBS , BergerABAM , Moffatt & Nichol, Royal Haskoning, Hatch , Ecoline International , Worley Parsons, Halo Trust, Baker Mckenzie , Dentons , Willkie Farr & Gallagher , Clifford Chance , Marsh და სხვები.
ეს არის მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც ამ ოთხი წლის მანძილზე კონსორციუმში შემოვიკრიბეთ და ამ კომპანიებს თავიანთი არსებობის მრავალი წლის მანძილზე არაერთი, ანაკლიის პორტის პროექტის მსგავსი და კიდევ უფრო დიდი პროექტები განუხორციელებიათ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიაჩნია – როდესაც ასეთი დიდი გუნდიდან არ ხდება მისი არცერთი წევრის ხსენება, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი პორტოპერატორის და აქციონერის, უდიდესი ამერიკული კომპანიის “SSA Marine” – ს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებებმა შესაძლებელია ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც,”-წერია განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, “ანაკლიის განვითარების კორსორციუმის” რეალური პარტნიორი, SSA Marine-ის ნაცვლად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა.

მინისტირის მტკიცებით, ეს კომპანია მხოლოდ ანაკლიის პორტის ოპერირების ტექნიკურ ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი.

ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით პორტის ოპერატორი გამოცდილი კომპანია უნდა ყოფილიყო, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა სრულ კომერციულ საქმიანობაზე – ანაკლიის პორტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრაზე,  ტვირთების მოძიებასა და სხვა საკითხებზე.

“კონსორციუმი ცდილობს საზოგადოებაში “გაყიდოს”, თითქოს მისი პარტნიორი SSA Marine-ია, რომელიც პორტების მართვაში გამოცდილი კომპანიაა. ის მსოფლიოში 200-ზე მეტი პორტის ოპერირებას ახდენს.  SSA Marine-ის ნაცვლად ვიღებთ ამავე ჯგუფში შემავალი კომპანიის 5 თანამშრომელს, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად იქნება პორტის მხოლოდ ტექნიკურ ოპერირებაზე პასუხისმგებელი. ყველა რისკი, მათ შორის ანაკლიის პორტის კომერციული განვითარება, კონსორციუმის ხელში რჩება,”-აცხადებს ცქიტიშვილი.

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე მინისტრმა გუშინ, 21 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.