“გარწმუნებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მოღალატე აჭარელს ვერ იპოვნიან. ჩემს გასაწვევად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსი მაჟორიტარი დეპუტატიდან ოთხის ხელმოწერაა საჭირო, ამის გაკეთება შეუძლებელია. თვითონ მე განცხადების დაწერას არ ვაპირებ გადადგომის თაობაზე, რადგან “ქართულ ოცნებასთან” არავითარი ვალი მაქვს. მე მაჟორიტარული არჩევნები მოვიგე. მე “ქართული ოცნების” დასახალებული რომ ვიყო, დავწერდი და გადავდგებოდი. კოალიციაში ყველა პარტია კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მე ვყოფილიყავი კანდიდატი და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულიყო. ამ კვლევის შედეგად, ბათუმმა დამასახელა მაჟორიტარად,”–ამბობს მურმან დუმბაძე.
მურმან დუმბაძე კონსტიტუციით აპელირებს და ამბობს, რომ მის გასაწვევად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო:
“კონსტიტუციიური მოთხოვნა არის, რომ არა მარტო აჭარის მაჟორიტარებიდან უნდა დასახელდეს ვიცე–სპიკერი, არამედ მაჟორიტარების წარდგინებით ხდება უმრავლესობაზე საქმის გატანა. ანუ, იმისათვის, რომ უკან გამიწვიონ, გამორიცხულია უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მიიღებს, მე წავალ საკონსტიტუციო სასამართლოში და გარწმუნებთ, რომ მეორე დღესვე აღვდგები თანამდებობაზე. ერთადერთი გზა არის 114 ხმის მოგროვება იმისათვის, რომ კონსტიტუცია შეცვალონ, კონსტიტუციას თუ შეცვლიან და იტყვიან, რომ აჭარის ავტონომია გავაუქმოთ, მაშინ ეს პოსტი გაუქმდება.”
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 14 სექტემბერს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
თავად მურმან დუმბაძის განცხადებით, ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.