ახალი ამბები

ბანკები გვთხოვენ, აკრძალულ პირთა განსაზღვრებაში მხოლოდ რუსეთით შემოვიფარგლოთ – ცქიტიშვილი

21 მარტი, 2019 • 1168
ბანკები გვთხოვენ, აკრძალულ პირთა განსაზღვრებაში მხოლოდ რუსეთით შემოვიფარგლოთ – ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს, ანაკლიის პორტი “მოხვდეს ისეთი ხალხის ხელში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს რომ ეწინააღმდეგება”.

“როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, გვეყოლება თუ არ გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი ან ჩინელი ინვესტორი, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ – ჯერ ვმუშაობთ “კონტი ჯგუფისა” და “თიბისი ჰოლდინგის” მიერ შექმნილ კონსორციუმთან და სხვა ინვესტორებთან. შემდეგ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ჩვენ ისეთი გზით წავალთ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პროცესის სრული გამჭვირვალობა და ის, რომ ეს პორტი არ მოხვდეს ისეთი ხალხის ხელში, რომელიც ქვეყნის სტარტეგიულ ინტერესს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ერთ-ერთი პირობა, რომელსაც სახელმწიფო “ოქროს აქციის” ნაწილში ფლობს, არის დაზღვევა, რომ პორტის 50-წლიანი ოპერირების პერიოდში ინვესტორმა მეწილედ ან კრედიტორად არ შემოიყვანოს პირი, რომელიც შეიძლება, ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და უსაფრთხოების კონცეფციას ეწინააღმდეგებოდეს.

“სხვათა შრორის, დღეს ბანკები იმისთვის, რომ უბრალოდ სესხების უფრო მოქნილი პირობები უზრუნველყონ,  გვთხოვენ, ე.წ. აკრძალული პირი, რომლის განსაზღვრებაც არსებობს, შეიზღუდოს მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ნაწილში. ჩვენ ბანკებს უნდა ავუხსნათ, ამ ქვეყანაში არსებობს კიდევ სხვა რისკები გარდა რუსეთისა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ინტერესი ამ პორტთან მიმართებაში უდავოა იმასთან დაკავშირებით, რომ  ეს პორტი გარკვეულ პრობლემებს შექმნის. სწორედ ამიტომ გვაქვს “ოქროს აქცია” ან სხვა საინვესტიციო მექანიზმები, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ამ რისკებისგან თავი დაიცვას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი